|
-
...
ასე
რომ - დაამთავრა თავისი ისტორია ლოყებღაჟღაჟა, მხიარულმა, ჩასუქებულმა ბატონმა,
ვაგზალთან, კუთხეში მაღაზია რომ ჰქონდა - მთავარია შენი სათქმელი საჭირო კუთხით
წარმოადგინო, და გამგებიც გაიგებს, და ისიც, ვისაც გაგება არ უნდოდა. დიახ,
ბატონებო, სიტუაცია მსმენელმა იმ მხრიდან უნდა დაინახოს, რომლიდანაც თქვენ
გინდათ, და ამისათვის სულაც არ არის საჭირო იცრუოთ.
მსმენელები
ხარხარებდნენ და მხარზე ხელს უტყაპუნებდნენ ვაჭარს, რომელიც მართლაც არავის
ახსოვდა, რაიმე სიტუაციაში დაბნეულიყო. უკვე საღამოვდებოდა, ნოემბრის წვიმა კი
გადაღებას არ აპირებდა. ასეთ ამინდში რა სჯობდა სუფრასთან მხიარული ისტორიების
მოსმენას.
- ეჰ, არც
მთლად ეგრეა საქმე - ჩაიქნია ხელი ულვაშებიანმა გადამდგარმა სამხედრომ, რომელიც
იქვე ახლოს ცხოვრობდა, აქაურობის ხშირი სტუმარიც იყო და ყველასაც კარგად
იცნობდა, მაგრამ იშვიათად ერეოდა ხოლმე ასეთ საუბრებში - არის სიტუაციები, როცა
სათქმელიც არაფერი გაქვს და არც წარმოსადგენი, შესაბამისად. თითქოს შენს
ნაცვლად თვითონ სიტუაცია ლაპარაკობს. მართალია, ტყუილს, მაგრამ ისე, რომ თავსაც
ვერ გაიმართლებ.
ახალგაზრდობაში, ჯერ კიდევ სანამ სამხედრო სამსახურში წავიდოდი, ძროხების
მოშენება გადავწყვიტე. დავიწყე ერთი ძროხიდან.
ძროხა -
უკეთილშობილესი ცხოველია. უცნაურია, რომ ამას მხოლოდ ინდოელები ხვდებიან.
ჩვენში კი ძროხა სალანძღავ სიტყვადაც გამოიყენება, რაც უფრო იმაზე მიუთითებს,
რომ ხალხს არ ესმის, რა არის ძროხა, უფრო სწორად ვინ არის. ძროხა - ფაქტიურად
პიროვნებაა, და მე ისე შემიყვარდა ძროხები და ისე გავეცანი მათს ზნეს, რომ
ჩვენებურ შვინდა ძროხას ისევე არ ავურევდი შვეიცარიულ წაბლაში, როგორც
ნიგერიელს ნორვეგიელში, და არა მარტო გარეგნობით. არა! მათ სულ სხვადასხვა
ხასიათი აქვთ. ზმუილითაც კი სხვადასხვანაირად ზმუიან.
მაგრამ ეს
ყველაფერი მერე გავიგე ნელ-ნელა, როგორც ხდება ხოლმე. თავიდან კი, როგორც
გითხარით, ერთი ძროხა მყავდა - ჭრელა. მაშინ ცოლიც ახალი მოყვანილი მყავდა.
დიდი ანჩხლი
ვინმე კი შემხვდა (ძროხაზე ვამბობ). არა, ჭკვიანი კი იყო. მე რომ ვიყიდე, სულ
პაწია ხბო ჰყავდა. ისე უვლიდა და ეფერებოდა, როგორც მარტო ძროხებს შეუძლიათ.
საძოვარზეც თავისით მიდი-მოდიოდა. მოკლედ, პრობლემა არ შეუქმნია, სანამ
მოწველის დრო არ მოუვიდა. გეცოდინებათ, ხბოს გაჩენიდან გარკვეული ხანი ძროხას
არ წველიან - არცა აქვს ბევრი რძე, და არც ვარგა.
ჰოდა, როცა
ხბო წამოიზარდა და რძეც უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე ხბოს სჭირდებოდა, გადავწყვიტე
მომეწველა. ეს კი, როგორც აღმოჩნდა, ჩემს ჭრელას სულაც არ მოსწონდა, თუმცა
გლეხს, რომელმაც ჭრელა მომყიდა, ამაზე არაფერი უთქვამს. ისე, რომ ეთქვა, ის
უფრო გასაკვირი იქნებოდა - ადამიანებს ხომ, ძროხებისგან განსხვავებით, ერთი
სული აქვთ მოგატყუონ, ხოლო თუ ეს ისე შეუძლიათ გააკეთონ, რომ ტყუილიც არა
სთქვან (როგორც ეს წინა ისტორიაში მოისმინეთ), ასეთ შანსს როგორ გაუშვებენ
ხელიდან.
ასე იყო თუ
ისე, ჭრელა, რომლისთვისაც ეს მესამე ხბო იყო (თუ ესეც არ მომატყუა იმ გლეხმა!
მაშინ მე ჯერ კიდევ არ შემეძლო ძროხის ასაკის გამოცნობა), სასტიკად
აპროტესტებდა ჯიქანზე ხელის ყოველ მიკარებას, და მოწველა არც მქონდა დაწყებული,
რომ ორჯერ უკვე წამიქცია ვედრო, რომელიც რძისათვის მქონდა შედგმული (ამას
იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ, ქალაქელებმა, შეიძლება არც იცით, როგორ წველიან
ძროხას - დადგამენ ვედროს ჯიქნის ქვეშ, და რიგრიგობით გამოწურავენ ხოლმე
თითებიდან (ასე ეძახიან) რძეს. ისიც მიჩხრიალებს პირდაპირ ვედროში).
მივხვდი, რომ
სანამ ჭრელა ასე აქნევდა ფეხს, არაფერი გამოვიდოდა. ავდექი და თოკის ნაგლეჯით
ის ფეხი (უკანა მარჯვენა) ბაგის სამაგრ რკინაზე მივუბი, მიწაში რომ იყო
ჩარჭობილი იქვე.
ჭრელამ
ერთი-ორი გაიბრძოლა, და რომ მიხვდა, ფეხს ვეღარ გაიქნევდა, თითქოს დამშვიდდა.
მეც წველას შევუდექი, მაგრამ იმ საძაგელმა ახლა მეორე ფეხის ქნევა დაიწყო.
ვედრო იმ ფეხიდან კი შორს იდგა, მაგრამ ბოლოს მანც მოახერხა და გადააყირავა, და
სიმწრით მოწველილი ორიოდე ჭიქა რძეც დამიღვარა.
ისე
გავბრაზდი, კინაღამ დრუნჩშიც მოვდე ჭრელას, მაგრამ თავი შევიკავე. ჯერ ერთი -
ძროხა ძროხაა - თავისი ინსტინქტების ერთგულია, და არა ჩვენი მოსაზრებების. ასე
არ არის? მეორეც, მაგ მეთოდით ჭრელას აღზრდა დიდი ვერაფერი შედეგიანი იქნებოდა.
როცა ცხოველთან გაქვს საქმე, მარტო დასჯა საქმეს არ შველის - ისიც ხომ უნდა
გააგებინო, რისთვის დაისაჯა? ჰოდა ჭრელა რას გაიგებდა, რომ დრუნჩში იმიტომ
მოსცხეს, რომ ფეხი გაიქნია და დაღვარა რძე, რომელის მას კი აღარაფერში
სჭირდებოდა უკვე, მაგრამ მე მისგან ყველი უნდა ამომეყვანა.
არა, ეგ არ
გამოვიდოდა, პირიქით - შეიძლება სულ გადარეულიყო ჭრელა. ამიტომ ვედრო გვერდზე
მივდგი იმ რამდენიმე წვეთი რძით, რომელიც შიგ იყო ჩარჩენილი, და თოკის მეორე
ნაგლეჯის ძებნა დავიწყე, რომ მეორე ფეხიც დამება. თოკი კი ვიპოვე, მაგრამ ფეხი
სად მიმება? ორივე ფეხს ერთ სამაგრზე ვერ მივუბამდი, მეორე სამაგრი კი კაი შორს
იყო. რაღას ვიზამდი - დიდი წვალებით გავუწიე მარცხენა ფეხი თითქმის ზედ
კედლამდე და ექვსი თუ შვიდი ცდის შემდეგ როგორც იქნა დავაბი ასე გაჩაჩხული.
მართალია,
სულ ფუნაშიც ამოვიგანგლე და ერთხელ სიკვდილსაც სასწაულით გადავურჩი, როცა
ჭრელამ ფეხი გამომგლიჯა და ზედ ყურთან ისე გამიწუილა, ის რომ მომხვედროდა, არც
მოსაყოლი იქნებოდა არაფერი და არც მომყოლი, მაგრამ რაც მთავარია, ეხლა
ყველაფერი მზად იყო იმისათვის, რომ გულმშვიდად შევდგომოდი წველას.
შევუდექი
კიდეც და საკმაო რძეც ჩამოვწველე (ეს საქმიანობა ჩემთვის პირველი იყო და მე
თვითონ მსიამოვნებდა, როგორ თვალდათვალ ვხელოვნდებოდი ძროხის წველაში. მანამდე
ინტერესისთვისაც კი არ მიცდია, თუმცა ცოლი უკვე ერთი კვირა იყო მებუზღუნებოდა -
დროა წველა დაიწყო, რატომ არ წველიო და ა. შ. ნუ, ქალების ამბავი ხომ იცით -
მაგათ ოღონდ იბუზღუნონ! სამწუხაროდ, სულ არ გვანან ძროხებს. ამ მხრივ, რა თქმა
უნდა).
მოკლედ, მე
უკვე ამ რძით გაკეთებულ ფაფასაც ვჭამდი გუნებაში და მისგან ამოყვანილ ყველსაც,
როცა აღმოჩნდა, რომ ჭრელას არსენალი სულაც არ ამოიწურებოდა ორი უკანა ფეხით.
წინა ფეხები საშიში არ იყო - ვედროს ვერ მიაწვდენდა. თავს - მითუმეტეს. მაგრამ
კუდი? ხომ იცით ძროხას როგორი კუდი აქვს? და როგორ იქნევს? ჰოდა ჭრელასაც
თითქოს გაახსენდაო, გახარებულმა მოიქნია კუდი და ისეთი გამიტყლაშუნა სახეში
ჩემს საქმეში საფუძვლიანად ჩაფლულს, კაი ხნის მერე მივხვდი რა მოხდა,
მხედველობა კი კიდევ უფრო გვიან დამიბრუნდა.
ნირწამხდარი
ვიჯექი და ჯერ სასჯელის მოფიქრებაც ვერ მოვასწარი ჭრელასთვის, რომ იმ საძაგელმა
მეორედ გამომიქანა კუდი, თუმცა ამჯერად მხოლოდ წვერითღა მომწვდა. არც ამით
დავრჩენილვარ დიდად ნასიამოვნები, მაგრამ უფრო უარესი ის იყო, რომ მესამედ
პირდაპირ ვედროს ამოსცხო. წაქცევით არ წაუქცევია, მაგრამ კარგად კი შეანჯღრია,
და შიგნითაც ვინ იცის რეები ჩაცვივდა.
ეს უკვე
მეტისმეტი იყო. გადავდგი ვედრო უსაფრთხო ადგილას და დავავლე კუდში ხელი ჭრელას.
მაგრამ რა უნდა მექნა! ეს მერე მივხვდი, რომ იმ კუდის ფეხზე მიბმა შეიძლებოდა,
მაშინ კი ისე ვიყავი გაცხარებული, ისიც მიკვირს, რომ არ მოვაჭერი. არა, ამას
ალბათ არ ვიზამდი, მაგრამ რაღაც უნდა მექნა. აზროვნების ინერცია ხომ
მოგეხსენებათ - ჰოდა მეც დავიწყე ძებნა, რაზე მიმება კუდი. დაბლა, სამაგრებამდე
კუდი არ მიწვდებოდა. ამ დროს თვალში მომხვდა ჭერიდან ჩამოშვებული რკინის რაღაც
კაუჭი - ბოსლის წინა პატრონი ალბათ რაღაცებს კიდებდა ზედ. დაახლოებით 2 მეტრის
სიმაღლეზე იყო - ზედგამოჭრილი იყო კუდის მისაბმელად. ცოტას კი ყანყალებდა,
მაგრამ ამას მნიშვნელობა არა ჰქონდა.
ახლა თოკი
უნდა მეპოვნა. ჭრელა კი სულ გადაირია, ლამის აქეთ-იქეთ დამათრევდა კუდით. თოკიც
არ სჩანდა ახლომახლო. გამწარებულმა ცალი ხელით ქამარი გამოვიძრე როგორც იქნა
შარვლიდან, ავუწიე კუდი და დავიწყე კაუჭზე მიბმა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, ძროხას
კუდში ამდენი ძალა თუ ექნებოდა - ცალი ხელით ვერ ვიჭერდი, არადა ორივეთი რომ
დამეჭირა, რიღათი მიმება! ოფლმა დამასხა, ერთი-ორჯერ თითქმის დაბმული კუდი
გამოაძვრინა იმ ეშმაკის ფეხმა, თან ამ დროს თურმე გაშმაგებული ბღაოდა.
წარმოიდგინეთ, არც გამიგია მისი ბღავილი! განა ყურადღება არ მიმიქცევია -
უბრალოდ არც გამიგია, ისე ვიყავი გამწარებული. ყველა სხვა სიკეთესთან ერთად
შარვალიც ჩამძვრა, მაგრამ მაგისთვის ვიღას სცხელოდა.
ჰოდა როგორც
იქნა შემოვდე კაუჭზე ჭრელას კუდი, ქამარიც ორჯერ დავახვიე და გავნასკვე, და
არაქთგამოცლილი უკვე დაწყნარებულ ჭრელას დავემხე გავაზე, რომ ცოტა ამომესუნთქა.
და ამ დროს ბოსლის კარმა გაიჭრიალა. კარებში ჩემი ცოლი იდგა. ძალიან საინტერესო
პოზაში კი ვიყავით მეც და ჭრელაც, მაგრამ უფრო შთამბეჭდავი ის იყო, რომ მე
ლაპარაკიც კი არ შემეძლო, ისე ვქშინავდი...
თქვენ
ამბობთ, რომ სიტუაცია მსმენელმა იმ მხრიდან უნდა დაინახოს, რომლიდანაც თქვენ
გინდათ? თქვენ იცით, რომ არის სიტუაციები, როცა არც მოგისმენენ? და რომც
მოგისმინონ, რამდენად მოახერხებთ თქვენი სათქმელი საჭირო კუთხით წარმოადგინოთ?
|
|