maxo127

ყურადღება! თუ თქვენ აღმოაჩინეთ შეცდომა საიტზე, მონიშნეთ და დააჭირეთ Ctrl+Enter. გმადლობთ თანამშრომლობისათვის!

consulting სათაო გვერდი

consulting სიახლეები

consulting ლინუქსი

consulting ლექსიკონები


consulting სტატიები

consulting გართობა

consulting კიდევ რა?

 

consulting ფოტოალბომები

consulting ფორუმი

consulting სტუმართა წიგნი

consulting ჩატი

consulting საიტის რუკა

consulting გასვლა

Счетчик посещений Counter.CO.KZ - бесплатный счетчик на любой вкус!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლაშქრობაში

ლაშქრობას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა: ექსკურსიის, გასეირნების, "პახოდის", ხეტიალის, მოგზაურობის და ა. შ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ შევხედავთ. სხვა ნიშნების მიხედვით კი ლაშქრობა შეიძლება იყოს ფეხით და ტრანსპორტით, ერთდღიანი და ღამისთევიანი, ყურშიანი და უყურშო (ეგ რაღა ლაშქრობაა!), მეტნაკლებად ცივილიზებულ ადგილებში და იქ, სადაც не ступала нога человеческая (ყოველ შემთხვევაში ასე გვგონია, სანამ კოკა-კოლას ბოთლს ან სულაც კანალიზაციის ლუკს არ გადავაწყდებით).

ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც კი ლაშქრობაში წასვლას გადავწყვეტთ, ჩვენი ცხოვრება მკვეთრად იცვლება - უკანა პლანზე გადადის ამქვეყნიური ამაოებები, შემოდის წელთაღრიცხვის ახალი სისტემა - წასვლამდე და ჩამოსვლის შემდეგ, კაცობრიობა იყოფა ორ არათანაბარ ნაწილად - წამომსვლელებად და დებილებად, და საერთოდ ყველა მოვლენა განიხილება იმ თვალსაზრისით, თუ რა მიმართებაშია ეს მოვლენა ჩვენს დაგეგმილ ლაშქრობასთან.

მიუხედავად ყველაფრისა, ეს სულაც არ გვიშლის ხელს ზოგჯერ ისეთი რამ გამოგვრჩეს მხედველობიდან, რასაც შემდეგ ხალისით მოვყვებით ხოლმე მყუდრო ვითარებაში, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს მეორედაც მაგნაირი ხალისობისაგან (როგორც ერთხელ წყლის წაღება დაგვავიწყდა დიდად უწყლო ადგილებში, ან როგორ გაერღვა ვიღაცას შარვალი და მთელი გზა იძულებული იყო ყველაზე ბოლოს ეჩანჩალა).

წინამდებარე "ნაშრომი" სწორედ იმისათვის დაიწერა, რომ მინიმუმზე იქნას დაყვანილი ასეთი არასახალისო ხალისობები, რამდენადაც სახალისო ხალისობები ლაშქრობას არასოდეს არ აკლია და გასახსენებელი ისედაც ყოველთვის იქნება - ან ფეხს იტკენს ვინმე, ან უკიდურეს შემთხვევაში ძაღლი მაინც უკბენს.

აქვე ვიტყვი, რომ საუბარი იქნება ერთდღიან ლაშქრობებზე - ორ- და მეტდღიანი, ანუ ღამისთევით ლაშქრობები პრინციპულად სხვა საორგანიზაციო, საყოფაცხოვრებო და სხვა მოთხოვნებს აყენებს და სულ სხვა თემაა (თუ გვექნა ამაზე ლაპარაკი, მაშინ ბმულიც გაჩნდება აქ).

ცხადია, ამ ორ მსგავს ღონისძიებას საერთოც ბევრი აქვს. მაგალითად მარშრუტის შერჩევა. აქ არ ვგულისხმობ მთაწმინდაზე ასვლას, არამედ როცა შორს და მეტნაკლებად უცნობ ადგილას მივდივართ. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება შეგვხვდეს ვინმე, ვინც გზას მიგვასწავლის (ან მოგვასწავლის))), მაგრამ იგივე წარმატებით შეიძლება არც შეგვხვდეს.

  • როცა გადაწყდება სად მივდივართ, კარგად უნდა გავიაზროთ როგორ და რა გზით წავიდეთ. ამისათვის პრინციპში იგივე მეთოდებია, რაც კომპიუტერში რაიმე პრობლემის შექმნისას უნდა გამოვიყენოთ -

ა) RTFM,

ბ) გუგლი,

გ) გამოცდილი მეგობრები,

დ) დაბოლოს - ფორუმი.

ა) ანუ რაღაც ინფორმაციას უნდა გადავხედოთ - წიგნებში იქნება თუ ისე ვინმეს მონათხრობში, წარმოდგენა უნდა გვქონდეს, სად მივდივართ და რასთან გვექნება საქმე.

ბ) გუგლმა (არის სხვა მსგავსი რესურსებიც) მოგზაურებს ძალიან დიდ პრობლემა მოუხსნა - რუკები. ამობეჭდილი კოსმოსური რუკებით შეიარაღებულები ჩვენ უკვე აღარ ვგავართ გასული საუკუნის მოხეტიალეებს, ხეზე ხავსის მიხედვით რომ იკვლევდნენ გზას კოჯრის გაუვალ ჯუნგლებში.

გ) რა თქმა უნდა კარგი იქნება ჯგუფში ვინმე ისეთი გვყავდეს, ვისაც ეს გზა უკვე აქვს გავლილი (და სასურველია დამახსოვრებული). თუ ასეთი ვინმე არის, მაგრამ წამოსვლაზე ვერ დავითანხმეთ ( ანუ იმ მეორე კატეგორიაში მოხვდა), მაშინ უნდა ვეჩალიჩოთ გუგლის რუკაზე მაინც დაგვიხაზოს მარშრუტი, და რაც მთავარია, ორიენტირები აღნიშნოს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ იქ ფეხით უნდა იაროთ, და არა რაკეტით გადაიფრინოთ. ზემოდან კი სამყარო სულ სხვანაირი მოსჩანს (ეს ჩვენი მთავრობის მაგალითზეც თვალსაჩინოა). მაგალითად, რუკაზე სვანური კოშკი ოთხკუთხა ორმო შეიძლება გეგონოთ, GSM ანძა კი საერთოდ არა ჩანს. რუკას თუ წაიღებთ, მარკერი ან ფლომასტერიც იქონიეთ, რომ ზედ შენიშვნები გააკეთოთ. ჩვეულებრივი პასტა გაგაწვალებთ.

დ) ნუ, ფორუმი ფორუმია, და ამას კომენტარი არა სჭირდება. აქ ყოველთვის იპოვით ხალხს, რომელმაც იცის ის, რაც თქვენ გჭირდებათ, ის, რაც თქვენ არ გჭირდებათ, და ის, რაც სჯობდა არც გცოდნოდათ.

  • მეორე ფაქტორია ტანსაცმელი და ფეხსსაცმელი. თითქოს აქ ყველაფერი ნათელია - შიშველი არავინ წამოვა. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ხშირად იქედან ბრუნდებიან ხოლმე შიშვლები თუ არა, ფეხშიშვლები მაინც.

განსაკუთრებით ეს ქალებს ეხებათ. როგორც ამბობენ, სუსტი სქესის სიძლიერე სუსტი სქესის მიმართ ძლიერი სქესის სისუსტეშია, მაგრამ ამ მწყობრ ლოგიკას ხშირად ულმობლად ამსხვრევს ბუნება, რომელსაც სქესები სულ არ აინტერესებს, ძლიერ სქესს კი ამ დროს თავის თავი გასჭირვებია. ასე, რომ ნუ იქნებით იმის იმედზე, რომ ვინმე ხელისგულზე დაგისვამთ (ან თუნდაც ზურგზე წამოგიკიდებთ). ამას სჯობს აჟურულ ფეხსაცმელს ცოტა ხნით შეელიოთ და ის წარღვნამდელი ბოტასები ჩაიცვათ, რომელიც ვინ იცის, სად გდია. წვეტიანი ქუსლები მართალია დაღმართ მდელოზე არ ცურავს ჩარჭობის ეფექტის წყალობით, მაგრამ რომელმა უსინდისომ გითხრათ, რომ სულ დაღმართი იქნება და თან სულ მდელო?

ფეხსაცმელი არ უნდა იყოს თანაბარძირიანი, ანუ ქუსლის ქვეშ ლანჩა შესამჩნევად სქელი უნდა იყოს, ვიდრე ტერფის ქვეშ, თორემ სასტიკად დაგღლით მთელი დღე სიარულისას, მაგრამ ამ დროს უნდა იყოს ბრტყელძირიანი - ქუსლი არ უნდა ჰქონდეს გამოყოფილი; ასეთი ქუსლი π2-ჯერ ზრდის ყოველგვარ მავთულზე და ლიანაზე ფეხის წამოკვრის ალბათობას.

თუ შესაფერისი და გამოცდილი ფეხსაცმელი უკვე გაქვთ, ხომ კარგი, თუ არადა ოპტიმალური ისევ ბოტასებია, ოღონდ მაინცდამაინც ნუ ცდუნდებით ახალი ბოტასების გამარიაჟებით - ჯერ ერთი, არავითარი გარანტია არა გაქვთ, რომ ის კარგად მოგერგებათ (ერთია ჩაიცვა და მოგეწონოს, და სულ სხვაა ხანგრძლივი სიარული), მეორეც, არავინ იცის, რა დღეში ჩააგდებს ეს პლასტმასის ბოტასი ფეხს ამ სიცხეში, დაბოლოს, არც ის გაგიკვირდეთ, რომ ნახევარგზაზე (იქეთობას) ლანჩა გასძვრეს. სათადარიგო ფეხსაცმელი არა მგონია ვინმეს ჰქონდეს წამოღებული და სულელურ, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებით (და თანაც არა მარტო თქვენ). ნუ, გარკვეულ გამოსავალს ამ წერილის შემდეგ ნაწილებში კი იპოვით, მაგრამ მაინც ეცადეთ ძველი, თუნდაც შეუხედავი, მაგრამ გამოცდილი, მორგებული, "გემრიელი" ფეხსაცმელი ჩაიცვათ, შეძლებისდაგვარად ნატურალური მასალის.

ახალი ფეხსაცმლის ჩაცმა-გამოცდას კი სჯობს ლაშქრობის წინა დღეებშიც კი მოერიდოთ - ემანდ ფეხი არ გაგიფხაჭნოთ და არ ჩაგამწაროთ მთელი სიამოვნება.

  • იგივე ითქმის ტანსაცმელზეც - სჯობს ძველი და გამოცდილი, გამძლე. ზედგამოჭრილია ჯინსი, ოღონდ არა ძალიან ვიწრო, და არც ძალიან ფართხუნა. ეს ისევ ქალების საყურადღებოდ. შეარჩიეთ მოხერხებულობის და არა მოხდენილობის მიხედვით.

ლაშქრობა არ არის იმისათვის, რომ ვინმეს ეარშიყოთ ან გეარშიყოთ. უფრო სწორად, ეს ისედაც გარდაუვალია და სულ არ არის ჩაცმულობაზე დამოკიდებული. ტანსაცმლით მიღებული შთაბეჭდილება, კარგიც და ცუდიც, პირველივე საათის შემდეგ ქრება და მის ადგილს სულ სხვა კრიტერიუმები იკავებს. ძირითადად კი იმით დაფასდებით, რაც უფრო ნაკლებ პრობლემებს შეუქმნით სხვებს.

კიდევ ერთი რამ ქალებისათვის - თუ თქვენი მარშრუტის საბოლოო ან ერთ-ერთი პუნქტი მოქმედი (თუნდაც არამოქმედი) ეკლესია ან მონასტერია, თან იქონიეთ თავშალი და გრძელი კაბა შარვალზე გადასაცმელად, ისე შეიძლება არ შეგიშვან, და რომც შეხვიდეთ, ეს არაფერს შეგმატებთ არცერთი თვალსაზრისით.

თუ თქვენი მარშრუტი მაღალმთიან ადგილებს გაივლის, შეიძლება თბილი ტანსაცმელი დაგჭირდეთ. მზე ერთნაირად აცხუნებს მთასა და ბარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთნაირად თბილა. მითუმეტეს საღამოს, როცა დაღლილი ორგანიზმი ისედაც უფრო მგრძნობიარეა ტემპერატურული დისკომფორტის მიმართ, დრო კი is playing not for us. ეს არ ნიშნავს ქურქები წამოიღოთ ან ჩემოდნით პულოვერები. ოდნავ დათბუნული სახელოიანი პერანგი ეფექტურობით სქელ ნაქსოვ სვიტერს არ ჩამოუვარდება. რაიმე ქურთუკი, თხელი თუ სქელი, მაინც სასურველია, განსაკუთრებით ქარიანში თუ მოგიწევთ სიარული - ასეთ დროს შეიძლება ვერც მიხვდეთ ისე გაცივდეთ, თუ ქარგაუმტარი არ გაცვიათ.

წვიმა "პახოდში' გაცილებით ნაკლებ საშიშია, ვიდრე მიაჩნიათ. ერთი ეგაა ტალახში ამოიგანგლებით და უკან თუ ტრანსპორტით აპირებდით წამოსვლას, გარკვეული უხერხულობა შეგექმნებათ. აი თუ წვიმას ქარიც თან ერთვის, სჯობს სასწრაფოდ უკან დაბრუნდეთ. ჩვეულებრივ წვიმას კი, განსაკუთრებით თუ ზაფხულია და ე. წ "დამდგარი" სითბო (და არა აპრილის მატყუარა სიცხე), უბრალო ცელოფნითაც გაუმკლავდებით, ან ძალიან თხელი საწვიმურით, რომელზეც შეგიძლიათ წინასწარ იზრუნოთ, თუ წვიმა მოსალოდნელია.

რაც შეეხება მოსალოდნელობას; ჩვენს დროში მოკლევადიანი პროგნოზები საკმაოდ სანდოა, გინდ რომელიმე საიტზე ნანახი და გინდ ტელევიზორში მოსმენილი (საბედნიეროდ ქართული ტელეარხები ამინდის თაობაზე თავის შეხედულებას მაინც არ გვახვევენ თავს). შეუთანხმდით ჯგუფის უფრო გამოცდილ წევრებსაც. და-ძმებს და სხვა დებილებს არც უსმინოთ - ისინი წვიმასაც გიწინასწარმეტყველებენ, სეტყვასაც და ცუნამსაც.

  • წყალი - მძიმე და უსარგებლო რამეა სახლიდან გასვლისა, მაგრამ თუ თქვენი მარშრუტი წყაროებით არაა მოფენილი, გახსოვდეთ - რაზეც გინდათ გააკეთეთ ეკონომია, ოღონდ არა წყალზე.

გერმანიაში ადამიანის მიერ წყლის მოხმარების საშუალო დღიური ნორმაა 127 ლ. ეს ალბათ ჩემს პატივსაცემად. მაგრამ რადგანაც ჩვენ ბანაობას და ზეწრების რეცხვას არ ვაპირებთ, საშუალოდ კაცზე 2 ლ მაინც უნდა ვიანგარიშოთ, თუ მთელი დღით მივდივართ და მარაგს ვერსად შევივსებთ, თუმცა სრული კომფორტისათვის 2.5 ლიტრია საჭირო.

თუ გზად პომიდორს ან რამე ეგეთს იძენთ, სჯობს იქვე გარეცხოთ, ვიდრე შემდეგ ძვირფასი წვეთები თვალოთ. ასევე მოერიდეთ წყლის უაზრო ხარჯვას - ხელის დაბანას და ფეხსაცმლის გაწმენდა იქნება თუ სხვა რამ. არ წაიღოთ ისეთი საჭმელი, რომელიც წყლის გაძლიერებულ მოხმარებას გამოიწვევს.

რადგანაც ყურშა ამაზე თვითონ არ იფიქრებს - ის ხომ სულ 2-7 წლისაა - თქვენ უნდა იფიქროთ, როგორ დაალევინებთ მას წყალს. კარგი გამოსავალია პლასტიკის ერთჯერადი პაკეტი - იპოვით ან ამოჩიჩქნით პატარა ორმოს და ჩააფენთ შიგ.

ნუ იქნებით ღელეში წყლის დალევის იმედით. ეს შეიძლება ცუდად დამთავრდეს. ის, რომ ამ წყალს მეცხვარეები სვამენ, თქვენ ნაკლებად გიშველით - თქვენ სხვა სამყაროდან ხართ მოსული, რომელიც ნებისმიერ მეცხვარეს ორ დღეში ჩააგდებს ლოგინად. ასევე თქვენც არ მოგიხდებათ "მეცხვარის რეჟიმი" ერთი დღით.

თუ თქვენი მარშრუტის უშორეს წერტილს მიაღწიეთ, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი წყალი უკვე შეგიძლიათ გადაღვაროთ. გაითვალისწინეთ, რომ ზუსტად ერთი იმდენი გაქვთ უკან გასავლელი, წყლის სმა კი მხოლოდ ეხლა იწყება.

  • საჭმელი ისეთი რამაა, ყველა თვითონ წყვეტს რა უნდა, მაგრამ ზოგადი წესები აქაც არსებობს.

საჭმელი უნდა იყოს კომპაქტური და ნოყიერი. სასურველია არ დაგჭირდეთ ცეცხლის დანთება, თუ ეს თქვენი პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არ არის. კარგი საშუალებაა ძეხვი (დააჭრევინეთ ყიდვისას), მშრალი ყველი (ძალიან მარილიანი არა). კონსერვი შეიძლება, მაგრამ გარკვეულწილად ხათაბალაა. მარილიც მოიმარაგეთ. გადასარევი რამეა ჩურჩხელაც.

პური სჯობს არ დაგაკლდეთ, მაგრამ ნურც სამი დღის მარაგს წაიღებთ. თონის პური თვალსა და ცხვირს კი იზიდავს, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ 3-4 საათის შემდეგ unჭამable ხდება, ისევე როგორც ყველანაირი ხაჭაპურები და ჰამბურგერები სადგურის ჯიხურიდან. ისევ ჩვეულებრივი დაჭრილი პური ჯობია. თუ გოგონები არ დაიზარებენ და დააცხობენ ხაჭაპურებს, ეგ ხომ კიდევ უკეთესი. მხოლოდ არ დაამლაშოთ.

მოერიდეთ მარილიან სახრამუნოებს, ჩიპსებს. ყველაზე ღორმუცელებისათვის, მთელი დღე რომ პირის გაჩერება არ შეუძლიათ, კარგი საშუალებაა ხილი და თხილი, ასევე კევი და მსესუმზირა. მოულოდნელად კარგი რამ შეიძლება გამოდგეს ვაფლიც - მაგას რომ შეჭამ, მერე ორი საათი საჭმლის გაგონებაც არ გინდა.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ რამდენი საჭმელიც არ უნდა წაიღოთ, სახლში მაინც ისეთი მშიერი მოხვალთ, კარის სახელურის ღრღნით დაიწყებთ და მაცივრის ნათურის შეჭმით დაამთავრებთ. ასე, რომ ნუ წაიღებთ ზედმეტს.

  • ლაშქრობა - ხიფათიანი რამაა. აქ ხომ ყოველი ბუჩქის უკან ჩასუქებული ფათერაკი ზის.

მაგალითად, ზემოხსენებული შარვლის გარღვევა. თითქოს დიდი არაფერი. სასაცილოც კია. როცა ეს სხვას ემართება. მაგრამ თუ ის სხვა თქვენა ხართ? რას ჭიხვინებენ ეს დებილები?

შეიძლება ვიღაცას ეს უმნიშვნელო წვრილმანად მოეჩვენოს, მაგრამ ნამდვილად ჭკვიანური იქნება ნემსისა და ძაფის წაება. ძაფი შეარჩიეთ სქელი და მტკიცე, თუნდაც კაპრონის ბოჭკო, რომლითაც სუფრებს ქსოვენ ყაისნაღით. ნემსიც შესაფერისი - ალბათ უფრო მახათი გამოგადგებათ (მითუმეტეს თუ ერთხანს უსაქმოდ მოგიწიათ ყოფნა). ნუ შეგაშფოთებთ, თუ შავი შარვლის თეთრი ძაფით გაკერვა მოგიწიათ - ტყეში და მთებში იმდენი ესთეტიკური ობიექტია, რომ თქვენს შარვალს ბევრი არავინ მიაქცევს ყურადღებას, განსაკუთრებით იმ ადგილს.

ასევე საჭირო რამეა წებო. სუპერწებოს თუნდაც ორი-სამი ფლაკონი დიდ ადგილს არ დაიკავებს, საჭიროებისას კი გიხსნით (მაგალითად ლანჩის გაძრობის შემთხვევაში, ან - ზურგჩანთის აწყვეტილი ღვედიც დაგვიწებებია).

დაგჭირდებათ დანა, სჯობს დასაკეცი, ოღონდ დიდი და ბასრი. ზურგჩანთებიანი მოყაყანე ბრბოს გაჩხრეკვა მაინც არავის მოუვა აზრად.

ცეცხლის დანთებას აპირებთ თუ არა, შეიძლება მაინც მოგიწიოთ. ამისათვის კარგი რამეა სპირალიანი სანთებელები - არც ქარის ეშინიათ და ნებისმიერ რამეს წაუკიდებენ ცეცხლს.

სანთებელას ნათურაც თუ აქვს, კიდევ უკეთესი. ასეთი სანთებელა რამდენიმეც რომ გქონდეთ, ცუდი არ იქნება - გარდა იმისა, რომ გზა დაგებნევათ და ღამით მოგიწევთ ხეტიალი, დღისითაც შეიძლება მოგიწიოთ რაიმე გამოქვაბულის, ძველი ნაგებობის ჯურღმულის ან საიდუმლო მიწისქვეშა თავშესაფრის გამოკვლევა.

  • თუ ისეთ ადგილას მიდიხართ, სადაც კოღოები შეიძლება დაგხვდეთ, იქონიეთ რაიმე საშუალება. დაეკითხეთ გამოცდილ მეგობრებს.

თუ გველების ან დიდი გარეული ცხოველების საშიშროებაა, უკვე კატეგორიულად გირჩევთ არ წახვიდეთ ვინმე საქმის მცოდნის გარეშე. სუფრაზე ან ბუხართან მჯდომებს ჩვენ ყველას დაგვიჭერია გიურზები ხელით და დათვებიც უამრავი გვიხოცია, ტყეში კი ბანალურმა მაჩვმა შეიძლება ისეთი უსიამოვნება მოგვაყენოს, უბრალო უსიამოვნებაც რომ არ ჰქვია.

გამსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, როცა ძაღლი გვყავს. ძაღლი შეიძლება გაეკიდოს ან ბუნაგში შეუვარდეს ისეთ ცხოველს, რომელსაც ვერ გაუმკლავდება. ამას ყურშას მისი მონადირული სული აიძულებს, და გარკვეულწილად თქვენი იმედით აკეთებს. თუ თქვენ ამ მხრივ ვერაფერი საიმედო ხართ, იმდენი მაინც მოახერხეთ, რომ მუდმივად იყოლიოთ მხედველობის არეში, ძალიან საეჭვო ადგილებში კი ღვედიც გაუკეთეთ, ნუ დაიზარებთ.

თუ სოფელში გავლა მოგიწიათ, იცოდეთ - იქაური ძაღლები სულ არ გვანან ვაკის პარკში მოსეირნე ინტელიგენტ ძაღლებს - არც პატრონი იციან და არც ყური-მური. პატარა ძაღლი ამ დროს სჯობს სულაც ხელში აიყვანოთ, დიდი ძაღლი კი, გვქონია შემთხვევა, წრეში მოგვიქცევია და ისე გაგვიტარებია ეზოს ძაღლების წინ.

  • ძალიან პატარა ბავშვის ლაშქრობაში წაყვანა რომ არ ღირს, ეს გასაგებია. მაგრამ მარტო ასაკიც არაა მთავარი. აქ არის ერთი საშიშროება.

როგორც წესი, ლაშქრობაში წამოსვლის მსურველი ბევრია. მაგრამ სურვილი ერთია და რეალურად მათი მეხუთედი თუ დააპირებს წამოსვლას, და კიდევ უფრო ნაკლები მოახერხებს. საბოლოოდ ორმოცკაციანი ლაშქრიდან ხუთიოდე დარჩებით. მოკლედ დიდი არჩევანი როცა არა გვაქვს, ნებისმიერის მსურველის წაყვანაზე თანახმა ვართ "კონტინგენტის შესავსებად".

მაგრამ თუ ეს მსურველი პირველად არის ლაშქრობაში, მას შეიძლება სწორად ვერც ჰქონდეს წარმოდგენილი, რა მოელის. შედეგად კი შეიძლება პირველი აღმართი არ გვქონდეს ავლილი, რომ მაგდანას ლურჯასავით გადაბრუნდეს და მერე მთელი გზა ან ზურგით გვექნეს სათრევი, ან ტვინის მეთოდური და პერმანენტული ბურღვის მსხვერპლი გავხდეთ მთელი დღით.

ასეთი სიტუაციის გამოსარიცხად კარგი საშუალებაა პატარა "საჩვენებელი" გასეირნებები სადმე ახლომახლო გორაკებზე ან ისეთ ადგილებში, სადაც ყოველთვის შეგვეძლება ტრანსპორტში მისი ჩაბრძანება და დიდი პატივით სახლში გამომგზავრება.

საჩვენებელი გასეირნებები ისედაც კარგია - ცოტაოდენი გამოცდილების მისაღებად, ფორმაში მოსასვლელად, განსაკუთრებით როცა ჯერ კიდევ სტაბილურად არ გამოზაფხულებულა, კვირა დღეს კი სახლში გული ვერ ითმენს, და საბილიარდოც აღარაა ისეთი მიმზიდველი, როგორც ზამთრის მოსაწყენ საღამოს.

  • როცა ყველაფერი მზადაა - ბუნებაც, "სასტავიც", მარშრუტიც, აღჭურვილობაც და ყურშაც (რომელიც, როგორც წესი, ყოველთვის მზადაა), უკვე შეგვიძლია დავცხოთ ბუკსა და ნაღარას და დავტოვოთ ეს მოსაწყენი ქალაქი, dragging behind you the silent reproach of a million tear-stained eyes.

შეარჩიეთ სიარულის რეჟიმი, ნუ იჩქარებთ და ნურც იზოზინებთ. ნუ წამოწვებით აღმართზე ასვლის შემდეგ, ნურც დაჯდებით. თუ სპორტსმენი არა ხართ, საერთოდ ნუ დაჯდებით დიდი ხნით - ეს უარესია. ჭამის დროსაც კი. თუ წყურვილს იგრძნობთ, მაშინვე გაისველეთ პირი. ნუ მოიყუდებთ ერთბაშად - ასე მეტს დალევთ, ვიდრე გინდათ და გჭირდებათ, ეს კი წყლის მარაგსაც ამცირებს და სიარულშიც ხელს შეგიშლით.

თუ ყველაფერი სწორად იქნება გაკეთებული, თქვენდა გასაკვირად, სახლში მოსული დაღლილიც კი არ იქნებით.თქვენც ნუ იჩქარებთ, შედით აბაზანაში, შემდეგ კი დაჯექით და დინჯად ივახშმეთ. ოჯახის წევრების რეპლიკებზე იქონიეთ ქედმაღლური გაკვირვების რეაქცია - რა იყო, თქვე საწყლებო, დიდი რამე - მყინვარწვერზე ავედი და ჩამოვედი.თქვენ გამარჯვებული ხართ და ბევრი რამე შეგრჩებათ.

  • რა თქმა უნდა, მობილური ტელეფონი თან გექნებათ. მხოლოდ გაარკვიეთ მიღების ნიუანსები და თუ საჭიროა, მოიმარაგეთ სხვა ოპერატორის სიმბარათი.

გექნებათ, რა თქმა უნდა, ფოტოაპარატიც. ახლა ისინი, როგორც წესი, ციფრულებია, და კადრების პრობლემაც არ არის. გადაიღეთ რაც შეიძლება მეტი. მერე სახლში აარჩევთ. არ დაგავიწყდეთ გასვლის და დაბრუნების მომენტები - ეს კარგად ავსებს ფოტოქრონიკას.

დაიხსომეთ - ციხის ფონზე ხელიხელგადახვეული გაყინული სახეებით მდგომი თანამგზავრების გადაღებაც შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ სჯობს გადავიღოთ მისი сосредоточенный სახე კედელზე აცოცების პროცესში, ან თუ გაგვიმართლა, გრავიტაციული ძალების ჩარევის შედეგად ამ პროცესის უხეშად შეწყვეტის შემდეგ.

თუ ობიექტი თქვენსკენ იყურება, კადრში ისე მოაქციეთ, რომ მის თავს ზემოთ კადრის ერთი მესამედი რჩებოდეს, მარჯვნივ-მარცხნივ კი თანაბრად, ანუ შუაში იყოს. თუ ის გვერდზე იყურება, კადრის უმეტესი ნაწილი მისი მზერის მიმართულებით უნდა რჩებოდეს.

იმჰო, ვებ-ალბომისათვის ყველაზე ოპტიმალური ფორმატია 800X600. თუ ქაღალდზე დაბეჭდვას არ აპირებთ, ნუ გადატვირთავთ ნურც აპარატს და ნურც კომპიუტერს, სულ ერთია სურათების დაპატარავება მოგიწევთ, დიდი სურათები მონიტორზე საკმაოდ უსიამოვნო სათვალიერებელია. ხოლო თუ AutoShink-ს გამოიყენებთ, მიხვალთ იქ, საიდანაც დავიწყეთ.

როცა სურათებს კომპიუტერში გადმოტვირთავთ, ალბომის გაკეთებამდე დაამუშავეთ თუნდაც ACDSee-თ, მარტო ექსპოზიციაც რომ გაუსწოროთ ავტომატურად, რაც საკმაოდ სწრაფად კეთდება, სურათები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ამის შემდეგ გახსენით ახალი (ან თუ არა გაქვთ, თქვენი პირველი) ალბომი თქვენს საიტზე და ატვირთეთ ფოტოები. არ დაგავიწყდეთ რუკა - მიახატეთ მას თქვენს მიერ გავლილი მარშრუტი და ორიენტირები. თუ თქვენი ფოტოალბომის საიტი სურათებს ამცირებს, კარგი იქნება, თუ მიუთითებთ ბმულს, სადაც მსურველი მას ნატურალურ ზომაში იპოვის. ეს სხვასაც გამოადგება და დაგიმადლებთ.

G G G G G G G G G G

ასეთი ღირსეული დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ თქვენ უკვე ისეთი სპეციალისტი ხართ, რომ თვალდახუჭულმა შეგიძლიათ გასწიოთ ნებისმიერი მიმართულებით. მაგრამ ოციოდპუნქტიანი სიის ჩამოთვლისას კარგ სპეციალისტსაც შეიძლება გამორჩეს 4-5 რამ. ამიტომ შევადგინოთ (არასრული) სია იმ ნივთებისა, რომლებიც შეიძლება ერთდღიან ლაშქრობაში დაგვჭირდეს.

  • წყალი (2 ლ კაცზე)
  • საჭმელი
  • საჭმელი ყურშასთვის (ხშირად მათ სხვა რაციონი სჭირდებათ)
  • ხილი და სხვა "ისე" სახრამუნო
  • მარილი
  • თბილი ტანსაცმელი, საწვიმური (საჭიროებისამებრ)
  • დანა (სჯობს ორი, რომ არ იჩხუბოთ. თუ იჩხუბებთ, მითუმეტეს)
  • წებო (2-3 ც იაპონური 20 თეთრიანი, ღირს 10-დან 50 თეთრამდე)
  • სანთებელა (ნათურიანი და სპირალიანი)
  • ერთჯერადი ჭიქები და თეფშები
  • ერთჯერადი პაკეტები (აიღეთ მთელი შეკვრა)
  • დიდი პაკეტები ( 10-ოდე ცალი. დაგჭირდებათ - სუფრის გაშლა იქნება თუ სხვა რამ)
  • ხელსახოცები
  • მინიმალური აფთიაქი (ბინტი, სპირტი, ტკივილგამაყუჩებელი)
  • ნემსი და ძაფი
  • რუკა (ამობეჭდილი) და ფლომასტერი
  • ფოტოაპარატი (ისე ვინ რას დაგიჯერებთ)
  • ტელეფონი
  • კარტი (რა იცი რა ხდება)
  • პირადობის მოწმობა (არასდროს არ წამიღია)
  • დურბინდი (საერთოდ დიდი უსარგებლო რამეა, მაგრამ ვინ იცის)
  • ...

კიდევ ერთი რამ: როცა თქვენ ეკლესიის ან ციხის კედელზე ხედავთ წარწერს: "ჭიჭიკო", რას ფიქრობთ ხოლმე? მეც მაგას ვფიქრობ ზუსტად. ნუ გგონიათ, რომ რადგან თქვენი სახელი უფრო ელეგანტურად ჟღერს, დიდ სიამოვნებას მიანიჭებს სხვა მნახველს. თუ მაინცდამაინც, ყოველთვის შეიძლება უფრო შესაფერისი ადგილის მონახვა კვალის დასატოვებლად და მისთვის სურათის გადასაღებად. აი, ყურშა ამ პრობლემას სულ სხვანაირად წყვეტს.

დაბოლოს: არ დაგავიწყდეთ დაბანაკების ადგილის დასუფთავება. მოაგროვეთ მთელი ნაგავი ერთად და დაწვით. კარგი ბიჭები და გოგოები იქნებით, თუ იმ ნაგავსაც მიაყოლებთ ნაწილობრივ, რომელიც დაგხვდათ - ბოთლები, პარკები. ამის ნახევარი საათი თქვენ არაფერში გადაკლდებათ, შემატებით კი ბევრი შეგემატებათ. ეს შეიძლება სახალისო საქმიანობადაც გადააქციოთ - იპოვეთ ჯოხები და ითამაშეთ გოლფი. ბოლოსდაბოლოს თქვენ იქ მარტო იმიტომ კი არ მოხვდით, რათა ჯანმრთელობა გაგეუმჯობესებინათ, არამედ ერთად ყოფნაც გეხალისებოდათ, სასიამოვნო ხალხთან ერთად ყველაფერი სახალისოა.

ბედნიერ ლაშქრობას გისურვებთ.

©copyright designed by maxo127

Сайт создан в системе uCoz