Copyright 2001,2006 Eric S. Raymond, Rick Moen
ისტორია | ||
---|---|---|
ვერსია 3.3 | 29 Sep 2006 | esr |
კაი ნიგერმანის (Kai Niggemann) რჩევებით | ||
ვერსია 3.2 | 10 Jan 2006 | esr |
რიქ მოენის (Rick Moen) შესწორებებით. | ||
ვერსია 3.1 | 28 Oct 2004 | esr |
დოკუმენტი "გუგლი შენი მეგობარია". | ||
ვერსია 3.0 | 2 Feb 2004 | esr |
ვებ-ფორუმების ეტიკეტი. |
სარჩევი
თარგმნილია შემდეგ ენებზე: Bahasa Indonesian Brazilo-Portuguese Chinese Czech Danish Estonian Finnish French German Hebrew Hungarian Italian Japanese Polish Portuguese Romanian Russian Serbian Spanish Swedish Turkish. თუ გსურთ ამ დოკუმენტის კოპირება, არეკვლა, თარგმნა ან ციტირება, გაეცანით ამ წესებს.
Many project websites link to this document in their sections on how to get help. That's fine, it's the use we intended but if you are a webmaster creating such a link for your project page, please display prominently near the link notice that we are not a help desk for your project!
We have learned the hard way that without such a notice, we will repeatedly be pestered by idiots who think having published this document makes it our job to solve all the world's technical problems.
If you're reading this document because you need help, and you walk away with the impression you can get it directly from the authors, you are one of the idiots in question. Don't ask us questions. We'll just ignore you. We are here to show you how to get help from people who actually know about the software or hardware you're dealing with, but 99% of the time that will not be us. Unless you know for certain that one of the authors is an expert on what you're dealing with, leave us alone and everybody will be happier.
ჰაკერთა სამყაროში, თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე მიღებული პასუხის ფორმა დამოკიდებულია როგორც შეკითხვის სირთულეზე, ასევე თქვენს მიერ კითხვის დასმის ფორმაზე. ეს სახელმძღვანელო დაგვეხმარება ვისწავლოთ შეკითხვის ფორმულირება ისე, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღების ალბათობა.
ჩვენს დროში, როცა თავისუფალმა პროგრამირებამ ფართო გავრცელება ჰპოვა, თქვენ ხშირად სხვა, უფრო გამოცდილი მომხმარებლებისაგან ისევე შეგიძლიათ მიიღოთ კომპეტენტური პასუხი, როგორც ჰაკერებისაგან. ეს კარგია: მომხმარებლები უფრო დიდ მოთმინებას იჩენენ დამწყებთა გულუბრყვილო შეცდომების მიმართ. ხოლო, ჩვენს მიერ რეკომენდებული ფორმებით შეკითხვების დასმა უზრუნველყოფს მათგან მაქსიმალურად სასარგებლო პასუხების მიღებას.
უპირველესად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰაკერებს უყვართ შეკითხვები დაწვრილებით აღწერილი რთული პრობლემებით, ეს რომ ასე არ იყოს, რაღა ჰაკერები ვიქნებოდით! თუ შენ დასვამ საინტერესო შეკითხვას, რომელიც საგონებელში ჩაგვაგდებს, მადლობელიც დაგრჩებით. კარგი შეკითხვა სტიმულია და საჩუქარი. კარგი კითხვები გვეხმარება გავაღრმაოთ ჩვენი ცოდნა და ხშირად წარმოაჩენენ ისეთ პრობლემებს, რომლებიც შეიძლებოდა სხვა შემთხვევაში შეუმჩნეველი დაგვრჩენოდა ან არ დავფიქრებულიყავით ამაზე. კარგი შეკითხვაა ჰაკერისაგან ასეთი რამ ნამდვილი კომპლიმენტია.
მიუხედავად ამისა, ჰაკერებს აქვთ ისეთი რეპუტაცია, თითქოს მარტივ შეკითხვებს უყურებდნენ ქედმაღლურად და მტრულადაც კი, თითქოს ჩვენ უხეშები ვართ დამწყებებთან და აგდებულად ვეკიდებით მათ, სინამდვილეში ეს ასე არ არის.
ჩვენ მართლაც ვერ ვიტანთ ისეთ ხალხს, რომელთაც ფიქრსა და სწავლას ურჩევნიათ სხვას აკეთებინონ თავიანთი საქმე. ასეთი ხალხი მხოლოდ დროს გვაკარგვინებს ისინი იღებენ და არაფერს იძლევიან სამაგიეროს, და მიაქვთ დრო, რომლის გამოყენება შეიძლებოდა უფრო საინტერესო პრობლემის გადასაწყვეტად ან იმის დასახმარებლად, ვინც უფრო ღირსია დახმარებისა. ასეთებს ჩვენ ვეძახით ხელმოცარულებს - ლოსერს (losers), ზოგჯერ კი ლუსერს (lusers) ანუ ხელმოცარულ მომხმარებლებს.
ჩვენ გვესმის, რომ ბევრი გამოიყენებს ჩვენს დაწერილ პროგრამებს ისე, რომ არ დაინტერესდება ტექნიკურ დეტალებში წვდომით. ხალხის უმრავლესობისათვის კომპიუტერი ინსტრუმენტია, საშუალება რაღაცის მისაღწევად. მათ სხვა საინტერსო საქმეები აქვთ და სხვა პრობლემებს წყვეტენ. ჩვენ ამას ვაცნობიერებთ და სულაც არ მოველით, რომ ყველა დაინტერესდება იმ ტექნიკური წვრილმანებით, რომლებშიც ჩვენ ასე ვართ ჩაფლულნი, მაგრამ სამაგიეროდ პასუხის გაცემის ჩვენეული სტილი მორგებულია სწორედ ისეთებზე, ვისაც აინტერესებს ეს, და ვინც მზადაა აქტიური მონაწილეობა მიიღოს პრობლემის კვლევასა და გადაწყვეტაში. ეს ასეა და ასე იქნება. ასეა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ ეფექტურად ვაკეთოთ ის, რისი კეთებაც სხვებზე კარგად სწორედ ჩვენ შეგვიძლია.
ჩვენ (ძირითადად) მოხალისეები ვართ. ამ დაძაბულ ცხოვრებას ჩვენ უნდა გამოვტაცოთ დრო იმისათვის, რომ კითხვებს პასუხი გავცეთ, მაგრამ ეს დრო ყოველთვის საკმარისი არ აღმოჩნდება ხოლმე. ასეთ შემთხვევაში გვიწევს შეკითხვათა ნიაღვრის უმოწყალოდ გაფილტრვა, კერძოდ კი იმ ხელმოცარულთა შეკითხვების იგნორირება, რათა მოვახერხოთ მეტი დრო დავუთმოთ სხვებს, ვინც მეტი მოინდომა და მეტსაც მიაღწია.
ეს არ არის ქედმაღლური ან აგდებული დამოკიდებულების შედეგი. ჩვენ არც მოვითხოვთ ვინმესგან ჩვენით აღფრთოვანებული იყოს. სინამდვილეში უმეტესობა ჩვენგანი სიხარულით დათანხმდება მიგიღოთ, როგორც თანასწორი, მიგიღოთ ჩვენს წრეში, თუ თქვენც არ დაიშურებთ ამისათვის შესაბამის ძალისხმევას. მაგრამ ჩვენი მხრიდან უბრალოდ გაუმართლებელი იქნებოდა დავეხმაროთ მათ, ვინც არ ცდილობს დაეხმაროს საკუთარ თავს. ასეთი სჯობს ფეხებზე დაიკიდო, ვიდრე სულელობანა ეთამაშო.
მოკლედ, ჩვენი ყურადღების მისაპყრობად სულაც არაა აუცილებელი იყოთ კომპეტენტური, მაგრამ აუცილებელია იმ თვისებების დემონსტრირება, რომლებიც მიგიყვანთ კომპეტენტურობასთან ყურადღებიანობა, დაფიქრებულობა, დაკვირვებულობა, პრობლემის გადაწყვეტაში აქტიური თანამშრომლობისათვის მზადყოფნა. თუ ასეთი მოთხოვნები თქვენთვის აუტანელია, მაშინ ჩვენ გირჩევთ გადაუხადოთ ვინმეს და მიიღოთ ფასიანი მხარდაჭერა, ვიდრე ჰაკერებს სთხოვოთ უფასოდ წყვიტონ თქვენი პრობლემები თქვენს ნაცვლად.
თუ თქვენ გადაწყვეტთ მოგვმართოთ დახმარებისათვის, ეცადეთ არ
გამოიყურებოდეთ, როგორც ხელმოცარული. ყველაზე სწრაფ და ამომწურავ პასუხს
მიიღებს ჭკვიანი, თავის თავში დარწმუნებული და საქმეში ჩახედული
ადამიანი, რომელსაც რაღაც კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტაში დასჭირდა
დახმარება.
(მივესალმებით თქვენი მხრიდან
დამატებებს. წინადადებები შეგიძლიათ გამოგზავნოთ მისამართებზე
esr@thyrsus.com
ან respond-auto@linuxmafia.com.
გაითვალისწინეთ, რომ ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს
ქსელური ეტიკეტის (მას
ნეტიკეტს - netiquette-
ეძახიან) სახელმძღვანელოს, ამიტომ არ იქნება გათვალისწინებული
შენიშვნები, რომელიც არ ეხება უშუალოდ ტექნიკურ ფორუმებზე დახმარების
მიღების საკითხებს)
სანამ დასვამდეთ შეკითხვას ელფოსტით, სიახლეებში (newsgroup) ან ვებსაიტის ჩატ-გვერდზე, არ დაიზაროთ ამის გაკეთება:
1. სცადეთ იპოვოთ თქვენი შეკითხვის პასუხი იმ ფორუმის არქივებში, სადაც შეკითხვის დაპოსტვას აპირებთ.
2. სცადეთ იპოვოთ პასუხი ვებში (ინტერნეტში) ძებნის საშუალებებით.
3. სცადეთ იპოვოთ პასუხი პრობლემური პროგრამის ან მოწყობილობის სახელმძღვანელოში.
4. სცადეთ იპოვოთ პასუხი კითხვა-პასუხებში (FAQ).
5. სცადეთ იპოვოთ პასუხი ექსპერიმენტებითა და შემოწმებებით.
6. შეეკითხეთ უფრო გამოცდილ მეგობრებს.
7. თუ პროგრამისტი ხართ, სცადეთ იპოვოთ პასუხი წყარო-კოდის (source code) საშუალებით.
თქვენს დასმულ შეკითხვაში აჩვენეთ, რომ ეს პუნქტები შესრულებული გაქვთ; ამით სხვები დაინახავენ, რომ თქვენ არ დაიზარეთ ამ საკითხის დამუშავება და ხალისით დაგეხმარებიან. კიდევ უკეთესი, თუ მიუთითებთ, თუ რა აღმოაჩინეთ და შეისწავლეთ ამ საკითხზე მუშაობისას. ჰაკერები სიამოვნებით პასუხობენ იმ ხალხის შეკითხვებს, ვისაც პასუხის გაგება შეუძლია.
თუ თქვენ ღებულობთ შეტყობინებას
შეცდომის შესახებ, სცადეთ ამ შეცდომის ტექსტის გამოყენება
Google-ს
მსგავსი საშუალებებით პასუხის მისაღებად (ეძებეთ არა მხოლოდ ვებში,
არამედ ჯგუფებშიც
Google groups).
საძიებო სისტემებმა შეიძლება გაპოვნინონ დოკუმენტი თქვენი ან ანალოგიური
პრობლემის აღწერილობით. თუნდაც რომ ვერ იპოვოთ, როცა თქვენ იტყვით, რომ
ეძებდით ამა და ამ ფრაზას გუგლით, ეს დაგეხმარებათ მიიღოთ პასუხი
ელფოსტით ან სხვა მეთოდით თუნდაც იმიტომ, რომ ინტერნეტში ძებნის
უშედეგობა იქნება ნაჩვენები.
მოერიდეთ არასწორ შეკითხვებს. თუ თქვენს შეკითხვაში არ სჩანს თქვენთვის სინტერესო საკითხი, მისტერ ჰაკერი იფიქრებს რა სულელური კითხვაა... და გიპასუხებთ სწორედ იმ კითხვაზე რაც დასვით, იმის იმედით, რომ ასეთი პასუხის მიღების შედეგად კითხვის დასმას მაინც ისწავლით.
არ იფიქროთ, რომ ვინმე ვალდებულია გიპასუხოთ. არვინ არ არის ვალდებული. თქვენ ამაში ხომ ფული არა გაქვთ გადახდილი. თუ თქვენ დასვამთ საინტერესო, კარგად გააზრებულ და დამუშავებულ შეკითხვას, თქვენ მიიღებთ პასუხს, რამდენადაც ასეთი შეკითხვა საზოგადოებასაც ამდიდრებს გამოცდილებით, იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ სხვისი ცოდნა იქნეს პასიურად გმოყენებული.
მეორე მხრივ, თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ მზადა ხართ და შეგიძლიათ პრობლემის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება. სად ვუშვებ აქ შეცდომას?, რომელ საიტზე წავიკითხავ ამის შესახებ?, ვის შეუძლია მითხრას, ...? ამგვარ შეკითხვას გაცილებით მეტი შანსია ვინმემ უპასუხოს, ვიდრე ასეთს დამიწერეთ დაწვრილებით რა გავაკეთო. თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ პრობლემას თქვენ გადაწყვეტთ, თუ ვინმე გიჩვენებთ მოქმედების სწორ მიმართულებას
დაფიქრდით, რომელ ფორუმზე დასვათ შეკითხვა. თქვენს შეკითხვას ყურადღებას არ მიაქცევენ, თუ თქვენ:
დაპოსტავთ იმ ფორუმზე, სადაც ეს ოფთოპიკი იქნება.
დაპოსტავთ ძალიან მარტივ შეკითხვას იქ, სადაც გაცილებუთ რთულ საკითხებს არჩევენ, და პირიქით.
დაპოსტავთ ერთდროულად მრავალ ნიუსგრუპში. ამას cross-post-ს ეძახიან.
მიმართავთ პირადი ელფოსტით ან ურთიერთობის სხვა პირადი საშუალებთ პიროვნებას, რომელიც არ არის პირადად პასუხისმგებელი თქვენი პრობლემის გადაწყვეტაზე.
არასწორი დანიშნულების კითხვას ჰაკერი არ უპასუხებს, რათა არ გადატვირთოს თავისი საკომუნიკაციო არხი ზედმეტი ინფორმაციით. შეეცადეთ თქვენი შეკითხვა არ მოხვდეს ამ კატეგორიაში.
მოკლედ, პირველ რიგში უნდა ვიპოვოთ შესაბამისი ფორუმი. ამაში ისევ გუგლი და სხვა საძიებლები დაგეხმარებათ. მათი დახმარებით იპოვეთ საიტი, რომლის შინაარსი ყველაზე მეტად შეესაბამება იმ პროგრამასა თუ მოწყობილობას, რომელმაც პრობლემა შეგიქმნათ. ასეთ საიტებზე - საკუთრივ ამ პროექტის (პროგრამისა თუ მოწყობილობის დამამზადებლის) საიტებზე, როგორც წესი, არის FAQ-ების (Frequently Asked Questions - შეკითხვები, რომელთაც თქვენსავით პრობლემის მქონენი ყველაზე ხშირად სვამენ, ხდკ), მეილინგ-ლისტებისა და მათი არქივების ბმულები. თუ FAQ-ების შესწავლამ შედეგი არ გამოიღო, შემდეგ შეგიძლიათ მეილინგ ლისტებს მიმართოთ. თუ საიტზე არის სპეციალური ფორმები, რომელთა საშუალებითაც შიძლება პრობლემის შესახებ აცნობოთ საიტის ადმინისტრაციას, გამოიყენეთ იგი.
პირდაპირ მიახალოთ შეკითხვა ელფოსტით პიროვნებას ან ფორუმს, რომელთანაც არა ხართ გაშინაურებული, უკეთეს შემთხვევაში სარისკოა. არც იფიქროთ, რომ საინფორმაციო ვებსაიტის ავტორი ოცნებობს გახდეს თქვენი უფასო კონსულტანტი. თუ არა ხართ დარწმუნებული, რომ თქვენს შეკითხვას სიხარულით თუ არა, ინტერესით მაინც შეხვდებიან, გააგზავნეთ იგი სხვაგან, ან ნუ გააგზავნით საერთოდ.
ნუ დაბომბავთ ყველა შესაძლო არხს ერთიდაიმავე შეკითხვით. ასეთი განწირული კივილი აღიზიანებს ხალხს. მიმართეთ მათ თანმიმდევრობით.
შეარჩიეთ ფორუმის განყოფილება და თემა. ერთერთი კლასიკური შეცდომაა ვინდოუსის ან უნიქსის პროგრამული ინტრფეისის შესახებ შეკითხვის დასმა იქ, სადაც იხილება საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ენებთან, ბიბლიოთეკებთან ან ინსტრუმენტულ საშუალებებთან, ისინი კი პლატფორმაზე არ არიან დამოკიდებულნი. თუ თქვენ არ გესმით, რატომაა ამ შეკითხვის დასმა ასეთი დიდი ცოდვა, სჯობს საერთოდ არაფერი იკითხოთ, სანამ ამას არ გაიგებთ.
საერთოდ, კარგად შერჩეულ ფორუმზე დასმულ შეკითხვას უფრო მეტი შანსია ნაყოფიერი პასუხი მოჰყვეს, ვიდრე პირადად ვინმესთვის დასმულს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, ეს არის პოტენციური რესპონდენტების რაოდენობა. მეორეც - ფორუმზე გაცემულ პასუხს მეტი აუდიტორია ჰყავს. ნებისმიერი ჰაკერი უფრო ხალისით გასცემს პასუხს კითხვას, რომელიც ბევრს აწუხებს, ვიდრე იმას, რომელიც მხოლოდ ერთს აინტერესებს.
გასაგებია, რომ გამოცდილი ჰაკერები და პოპულარული პროგრამების ავტორები ისედაც უამრავ უადგილო შეკითხვას ღებულობენ. თქვენს მიერ დამატებულმა ასეთმა შეკითხვამ შეიძლება მათი მოთმინების ფიალა აავსოს - ცნობილი პროექტების ავტორები ხშირად წყვეტენ მხარდაჭერას მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ასეთი ფლუდის გამკლავება ბეზრდებათ.
თქვენს ლოკალურ მომხმარებელთა ჯგუფს (user group) ან ლინუქსის დისტრიბუტივს შეიძლება გააჩნდეს ვებ-ფორუმი ან IRC-არხი სპეციალურად დამწყებთათვის, ან (უფრო არაინგლისურენოვან ქვეყნებში) - მეილინგ-ლისტები. ეს საშუალებები ზედგამოჭრილია თქვენი პირველი შეკითხვებისათვის, მითუმეტეს, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი პრობლემა საკმაოდ მარტივი ან ტიპიურია. IRC-არხის არსებობა უკვე ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ იქ შეკითხვა დასვათ და პასუხიც მიიღოთ რეალურ დროში.
თუ პროგრამა, რომელიც პრობლემას ქმნის, აღებულია რომელიმე დისტრიბუტივიდან (ლინუქსის შემთხვევაში), სჯობს შეკითხვა ამ დისტრიბუტივის ფორუმზე დასვათ და არა თვით პროგრამის ფორუმზე, რადგან პროგრამის (პროექტის) ფორუმზე პასუხის ნაცვლად საკუთარ დისტრიბუტივს შემოგთავაზებენ.
ვებ-ფორუმზე დაპოსტვამდე სცადეთ ფორუმის საძიებლით რამდენიმე საკვანძო სიტყვის მოსინჯვა. შეიძლება თქვენი პრობლემა უკვე განხილულია და ახსნილი. გააკეთეთ ეს, თუნდაც მანამდე ნაძებნი გქონდეთ ინტერნეტში, რადგან თქვენი ვებ-საძიებელი რაიმე მიზეზით შეიძლება არც ეძებდეს ამ კონკრეტულ ფორუმზე.
ბოლო დროს ტენდენცია მომხმარებლებთან კავშირისათვის სწორედ ვებ-ფორუმებისა და IRC-არხების როლის გაზრდისკენაა, ელფოსტა კი უფრო პროგრამისტებს შორის ურთიერთობებისათვის მოიაზრება. გაითვალისწინეთ ეს.
თუ პროექტს გააჩნია მეილინგ-ლისტი (დაგზავნა) დეველოპერებისათვის (ავტორების, პროგრამისტებისათვის), მისწერეთ შეკითხვა ამ დაგზავნას, და არა კონკრეტულ პროგრამისტს, თუნდაც დარწმუნებული იყოთ, რომ სწორედ ის გაგცემთ ყველაზე ზუსტ პასუხს. დაგზავნას იპოვით პროექტის სათაო გვერდზე ან აღწერილობაში. ამ რჩევისათვის რამდენიმე საფუძველი გვაქვს:
შეკითხვა, რომელიც, თქვენი აზრით, ღირსია იმის, რომ პირადად მივმართოთ ერთ რომელიმე ავტორს, საინტერესო იქნება სხვებისთვისაც. და პირიქით, თუ თვლით, რომ თქვენი შეკითხვით არ ღირს დაგზავნის "შეწუხება", მაშინ მითუმეტეს არ ღირს ასეთი შეკითხვით პირადად რომელიმე ავტორის შეწუხება.
თუ პროექტს აქვს მომხმარებელთა ფორუმიც და ავტორებისაც (ჰაკერების), თქვენ კი კოდის გარჩევაში არ მონაწილეობთ, დასვით შეკითხვა მომხმარებელთა ფორუმზე. ავტორთა ფორუმზე თქვენს მარტივ შეკითხვას უადგილო ხელშეშლად ჩათვლიან.
ხოლო თუ მიგაჩნიათ, რომ შეკითხვა არ არის ტრივიალური, და მითუმეტეს თუ რამდენიმე დღის განმავლობაში მომხმარებელთა ფორუმზე პასუხი არ გაგცეს, მაშინ უკვე მიმართეთ ავტორთა ფორუმს. აუცილებლად გადაათვალიერეთ ფორუმის რამდენიმე დღე, რათა გაეცნოთ ადგილობრივ ტრადიციებს (პრინციპში ეს ისედაც უნდა გააკეთოთ, სანამ დაპოსტავდეთ ნებისმიერ კერძო ან ნახევრადდახურულ დაგზავნაში).
თუ პროექტის საიტზე დაგზავნა ან ფორუმი ვერ იპოვეთ და არის მხოლოდ პროექტის წამყვანის მისამართი, მისწერეთ წამყვანს. ოღონდ გახსოვდეთ, რომ დაგზავნის ვერპოვნა არ ნიშნავს მის არარსებობას. აღნიშნეთ წერილში, რომ ეძებდით და ვერ იპოვეთ ლისტის მისამართი. აღნიშნეთ აგრეთვე, რომ არა ხართ წინააღმდეგი თქვენს შეკითხვას სხვებიც გაეცნონ (ბევრი თვლის, რომ კერძო მიმოწერა კერძოა მაშინაც, როცა არაფერ საიდუმლოს არ შეიცავს. როცა თქვენ განაცხადებთ, რომ შეიძლება თქვენი წერილის სხვისთვის გადაგზავნაც, თქვენ ამით რესპონდენტს არჩევანის საშუალებას აძლევთ).
ვებ ფორუმებზე, ნიუსგრუპებსა თუ დაგზავნებში თქვენ გაქვთ შესანიშნავი საშუალება თქვენი პრობლემისადმი კვალიფიციური ექსპერტების ყურადღების მიპყრობისა - ეს არის თემის სათაური. სულ 50 ასო, ან უფრო ნაკლები. არ გაფლანგოთ ეს ძვირფასი ლიმიტი "გთხოვთ დამეხმარეთ" ან რაიმე მსგავს უაზრობაზე (ცალკე თემაა კიდევ უფრო უარესი "PLEASE HELP ME!!!!", რომელსაც რესპონდენტი რეფლექსურად შლის). ნუ ეცდებით იმოქმედოთ ჩვენზე თქვენი განცდების სიღრმით; სჯობს ეს ადგილი გამოიყენოთ პრობლემის კომპაქტური აღწერისათვის.
არსებობს ერთი კარგი დაუწერელი შეთანხმება, რომელსაც ტექნიკური მხარდაჭერის ბევრი წარმომადგენელი იყენებს - ეს არის "ობიექტი-დეფექტი" ტიპის კონსტრუქცია, სადაც "ობიექტი" აღწერს, თუ რამ შექმნა პრობლემა, ხოლო "დეფექტი" - როგორ გამოიხატება ეს პრობლემა.
მიშველეთ! ჩემს ლეპტოპში ვიდეოკარტა ცუდად მუშაობს!
X.org 6.8.1-ში მაუსის კურსორს არასწორი ფორმა აქვს, ჩიპსეტი Fooware MV1005.
X.org 6.8.1-ში მაუსის კურსორი Fooware MV1005 ვიდ. ჩიპსეტზე არასწორია
"ობიექტი-დეფექტი" ტიპის კონსტრუქციის შედგენის პროცესი თქვენ დაგეხმარებათ სწორად წარმართოთ აზრი პრობლემის ჩამოყალიბებისას. რაშია დეფექტი? მარტო კურსორია არასწორად თუ სხვა გრაფიკაც არასწორია? ეს X-ის მარტო X.org-ის თავისებურებაა? მხოლოდ 6.8.1 ვერსიის? საერთოდ Fooware ვიდეოჩიპსეტის სპეციფიკა ხომ არ არის? ან MV1005 მოდელის? ასეთ სათაურიანი თემის დანახვაზე ჰაკერი ძირითადად უკვე ხვდება რა პრობლემა გაქვთ, და რასთან შეიძლება ის დაკავშირებული იყოს.
გარდა ამისა, წარმოიდგინეთ თქვენი შეკითხვა ინდექსირებულ არქივში, სადაც მხოლოდ სათაურებია ნაჩვენები. თუ სათაური კარგად ასახავს პრობლემას, ეს გაუადვილებს ანალოგიური პრობლემის მქონეს პასუხის პოვნას და შეკითხვის გამეორებაც აღარ მოხდება.
თუ თქვენ პასუხის გაცემისას სვამთ შეკითხვას, არ დაგავიწყდეთ თემის სათაურის შეცვლა. Re: ტესტი ან Re: ახალი ხარვეზი ტიპის სათაური არ მიიპყრობს ყურადღებას. ასევე შეეცადეთ მინიმალურად გამოიყენოთ ციტირება, მხოლოდ იმდენი, რომ გასაგები იყოს, რაზეა საუბარი.
ნუ გააგრძელებთ სხვის თემას, თუ თქვენი შეკითხვა სხვა თემაზეა. ამით თქვენ ამცირებთ აუდიტორიას. ზოგი საფოსტო პროგრამა, მაგ.: mutt, იძლევა სათაურების მიხედვით მოწესრიგებისა და უინტერესო შეტყობინებებისა და მათი მწკრივების დამალვის საშუალებას. ამ შემთხვევაში თქვენი პოსტი დაკარგულია.
თემის შეცვლაც არ არის საკმარისი. იგივე mutt, და შეიძლება სხვა პროგრამებიც, შეტყობინების რომელიმე მწკრივში განსაწესებლად თემის გარდა სხვა ინფორმაციასაც უყურებენ. ასეთი შემთხვევითი გაფილტრვის თავიდან ასაცილებლად გახსენით ახალი თემა.
ვებ-ფორუმებზე წესები ცოტა სხვანაირია, რადგან აქ შეტყობინებები უფრო მიბმულია კონკრეტულ მწკრივზე და ამ მწკრივის გარეთ საერთოდ უხილავია. პასუხის სათაურს ყურადღებას არავინ აქცევს, ზოგ ფორუმში კი შეუძლებელიცაა სათაურის შეცვლა. ისედაც, პასუხში შეკითხვა ვერ არის კარგი პრაქტიკა, რამდენადაც მას წაიკითხავს მხოლოდ ის, ვინც ამ თემას ადევნებს თვალყურს. თუ თქვენ არ მიგაჩნიათ, რომ სწორედ ამ ხალხისთვის სვამთ შეკითხვას, გახსენით ახალი თემა.
"პასუხი გამომიგზავნეთ აქ: ..." - შეკითხვის ამგვარი დასასრული ფრიად სეჭვოს ხდის პასუხის მიღებას. თუ თქვენ ვერ პოულობთ ორიოდ წამს თქვენი საფოსტო აგენტის Reply-To ველის მოსაწყობად, ჩვენ მითუმეტეს ვერ ვიფიქრებთ თქვენს პრობლემებზე. თუ თქვენი საფოსტო პროგრამა არ იძლევა ამის საშუალებას, გადადით სხვა პროგრამაზე. თუ თქვენი ოპერაციული სისტემა ვერ ამუშავებს ახალ პროგრამას, გადადით სხვა სისტემაზე.
ვებ-ფორუმებზე პასუხის ფოსტაზე გამოგზავნის თხოვნა - უბრალოდ უზრდელობაა, თუ თქვენ არა ხართ დარწმუნებული, რომ პასუხი კონფიდენციალური იქნება და ვიღაც მოინდომებს სწორედ ფოსტაზე გიპასუხოთ. თუ თქვენ გინდათ პასუხის ასლი მიიღოთ ფოსტით, ეს ფორუმს უნდა მოსთხოვოთ. გადახედეთ ფორუმზე თქვენი ექაუნთის პარამეტრებს, ბევრი ფორუმი იძლევა ამის საშუალებას.
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ის, ვინც უყურადღებოდ და დაუდევრად წერს, საერთოდ უყურადღებო და დაუდევარია ფიქრშიც და პროგრამირებაშიც (ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ ხშირად). უყურადღებო და დაუდევარი ხალხისათვის პასუხის გაცემას გვირჩევნია დრო სხვა რამეში გამოვიყენოთ.
ასე, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს შეკითხვის ნათლად და მკაფიოდ დასმას. თუ თქვენ ამას არად ჩააგდებთ, თქვენს შეკითხვასაც არად ჩააგდებენ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ წერითი მეტყველების კულტურას. ნუ წერთ მძიმე და ფორმალური ენით. ჰაკერები იყენებენ არაფორმალურ, სლენგითა და იუმორით სავსე ენას, მაგრამ თავის ადგილზე. აზრი კი უნდა იყოს გამოხატული მკაფიოდ, უნდა ჩანდეს რომ გიფიქრიათ ამაზე და არ მოქცევიხართ უყურადღებოდ.
მიაქციეთ ყურადღება გრამატიკას, პუნქტუაციას. ნუ დაწერთ ყველაფერს დიდი ასოებით (თუ ინგლისურ ლიტერაციას იყენებთ) - ეს აღიქმება როგორც ყვირილი და ცუდ რეაქციას იწვევს. არც სულ პატარა ასოებით წერა ვარგა (იმ ენაზე, სადაც ასომთავრულებია). ის, რაც ეპატიება ალენ კოქსს, არ გეპატიებათ თქვენ.
ნუ გახდით თქვენს ნაწერს გასაშიფრავს. არც ტერმინებით კეკლუცობაა საჭირო. დამწყები "ჰაკერუნას" სტილში ნაწერი იგნორირებული იქნება, ან, უკეთეს შემთხვევაში სარკაზმით აღსავსე პახუხს მოგიტანთ.
თუ თქვენ შეკითხვას სვამთ ფორუმზე თქვენთვის არამშობლიურ ენაზე, გარკვეულ შეცდომებს გაპატიებენ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - სიზარმაცეს (განსხვავებას უცებ ვხვდებით). ასევე, თუ თქვენ არ იცით რესპონდენტი რა ენაზე ლაპარაკობს, წერეთ ინგლისურად. ჰაკერი, როგორც წესი, ვერ მოიცლის იმისათვის, რომ მისთვის გაუგებარ ენაზე იკითხოს შეკითხვები, ინგლისური კი - ინტერნეტის სამუშაო ენაა. ამ ენაზე მეტი შანსი გაქვთ პასუხის მიღებისა.
თუ თქვენი შეკითხვა ძნელად წასაკითხი იქნება, მის ნაცვლად ადვილად წასაკითხს გასცემენ პასუხს. ამიტომ:
ფოსტისათვის გამოიყენეთ plain text ფორმატი, და არა HTML (ეს მაინც არ არის ძნელი).
MIME-დანართები საერთოდ დასაშვებია, ოღონდ რეალური კონტენტით (ანუ დაერთვის წყარო ან პეჩ-ფაილი), და არა გენერირებული თქვენი ეგზოტიკური მეილ-კლიენტით.
ნუ დაწერთ მთელ ტექსტს ერთ აბზაცში - ეს აძნელებს ერთ რომელიმე ნაწილზე პასუხის გაცემას. ნუ მიანდობთ ტექსტში სტრიქონების გადატანას საფოსტო პროგრამის ვიზუალურ საშუალებებს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს წერილს წაიკითხავენ ტერმინალებზე 80 სიმბოლოიანი სტრიქონებით. ამიტომ დააყენეთ სტრიქონის იძულებით გადატანა 80-ზე რამდენადმე ნაკლებ სიმბოლოზე.
მონაცემები კი (ლოგ-ფაილები ან სეანსის ჩანაწერები) არ გადაიტანოთ. იყოს როგორც არის. რესპონდენტები ნახავენ მას ისე, როგორც თქვენ ხედავთ, და გაერკვევიან.
ინგლისურენოვან ფორუმებზე არ გაგზავნოთ ტექსტი MIME Quoted-Printable კოდირებაში. ეს კოდირება საჭიროა იმ ენებისათვის, რომელსაც ASCII არ ფარავს. მითუმეტეს, რომ ყველა საფოსტო პროგრამას არა აქვს მისი მხარდაჭერა, ხოლო =20-ის მსგავსი მმართველი სიმბოლოებით გავსებული ტექსტის კითხვა არც თუ სასიამოვნოა. თან ასე შეიძლება რიცხვების შემცველი ტექსტის აზრიც დამახინჯდეს.
არც იფიქროთ, რომ ჰაკერები წაიკითხავენ ტექსტს Microsoft Word ან Excel-ის ლიცენზირებულ ფორმატში. ამას ისინი შეურაცხყოფადაც კი მიიღებენ (ორიგინალში react to these about as well as you would to having a pile of steaming pig manure dumped on your doorstep). და რომც შეეძლოთ, არ გააკეთებენ ამას.
ვებ-ფორუმებზე ნუ გადატვირთავთ ტექსტს სმაილებითა და ტეგებით. ერთი-ორი სმაილი კარგია, მაგრამ მთლიანად აჭრელებული ტექსტის ავტორი ლამერის, ან პატარა ხითხითა გოგონას შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც თქვენთვის არასასურველია, რა თქმა უნდა თუ თქვენ პასუხის მიღება გინდათ და არა სექსი.
თუ თქვენ გარფიკულინტერფეისიან საფოსტო კლიენტს იყენებთ - Netscape Messenger, MS Outlook, ან სხვას, ნაგულისხმევი პარამეტრებით მათი შექმნილი წერილი შეიძლება არ აკმაყოფილებდეს ზემოთმოყვანილ წესებს. მათ უმეტესობას აქვს ფუნქცია View Source - შეამოწმეთ მისი საშუალებით, რომ იგზავნება სუფთა ტექსტი, ზედმეტი ნაგვის გარეშე.
აღწერეთ პრობლემის ან შეცდომის სიმპტომები დაწვრილებით და გარკვევით
შეეცადეთ მაქსიმალურად წარმოიდგინოთ, რა დამატებითი შეკითხვა შეიძლება წარმოეშვას ჰაკერს, და კითხვაშივე გასცეთ მათ პასუხი.
საიმონ თეთჰემის (Simon Tatham) ესე შესანიშნავად აღწერს როგორ აღვწეროთ პრობლემა გასაგებად.. გირჩევთ აუცილებლად წაიკითხოთ.
შეეცადეთ წეროთ დაწვრილებით და ინფორმატიულად. მაგრამ ეს არ ნიშნავს მონაცემები ან კოდის მოზრდილი ნაწილები დაახვავოთ შეკითხვაში. თუ სისტემამ ხარვეზის გამომწვევი მიზეზის შესახებ დიდი მოცულობის ინფორმაცია დაგიგროვათ, შეეცადეთ შეამოკლოთ.
ამას აზრი აქვს სულ ცოტა სამი მოსაზრებით; ჯერ ერთი, რაც უფრო მოკლეა შეკითხვა, მით მეტი შანსია წაიკითხონ და პასუხი დაწერონ, მეორე - მოკლე და მკაფიო კითხვაზე უფრო სასარგებლო პასუხს მიიღებთ, მესამეც - ხარვეზის შესახებ პროგრამის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გარჩევა თქვენვე დაგეხმარებათ გაერკვეთ პრობლემაში.
ნუ დაიწყებთ პრობლემის დაბრალებას პროგრამისათვის, თუ ამაში სავსებით დარწმუნებული არა ხართ. ამაში კი დარწმუნებული რომ იყოთ, მაშინ წყარო-კოდის იმ ნაწილის აღწერაც უნდა შეგეძლოთ, სადაც შეცდომაა, ან სატესტო მაგალითის დემონსტრირება წინა ვერსიისათვის. ეს ეხება ვებ-გვერდებსა და დოკუმენტაციასაც. თუ თვლით, რომ შეცდომაა ტექსტში, გამოგზავნეთ შესწორება გვერდის მითითებით.
გაითვალისწინეთ, რომ ბევრ სხვა მომხმარებელს თქვენნაირი პრობლემა არა ჰქონია. რომ ჰქონოდა, თქვენ მის შესახებ წააწყდებოდით ინფორმაციას დოკუმენტაციის კითხვის და/ან ინტერნეტში ძებნის დროს (თქვენ ხომ გააკეთეთ ეს?). როგორც სჩანს, თქვენ ცდებით რაღაცაში, და არა პროგრამა.
ყოველი პროგრამის უკან მისი ავტორი დგას. პროგრამისტები ყველანაირად ცდილობენ თავიანთი ნაშრომი სრულყოფილი იყოს. მტკიცებით, რომ პროგრამაში შეცდომაა, თქვენ ეჭვქვეშ აყენებთ მათს კომპეტენციას და უმადურობასაც იჩენთ, რაც, ცხადია, მათ არ მოეწონებათ, თუნდაც მართალიც იყოთ. განსაკუთრებით არადიპლომატიურია Subject ველში დაწეროთ "შეცდომა!"
როდესაც შეკითხვას სვამთ, სჯობს ისე დააყენოთ საკითხი, თითქოს გაინტერესებთ თქვენ რაში სცდებით, თუნდაც დარწმუნებული იყოთ პროგრამის შეცდომაში. თუ მართლაც ხარვეზია, თქვენ ამას მოგწერენ პასუხში. სჯობს ავტორმა ამით ბოდიში მოგიხადოთ, ვიდრე თქვენ მოგიწიოთ ბოდიშის მოხდა უსაფუძვლო ბრალდებისათვის.
ზოგჯერ, როცა ქედმაღლობითა და თავხედობით ვერაფერს გამორჩებიან, ცდილობენ პასუხის გამოძალვას წუწუნითა და თვითდამცირებით: "მე ვიცი, რომ დამწყები ვარ და ა. შ." ამას საქმესთან კავშირი არა აქვს და არაფრის მომცემია. განსაკუთრებით თუ პრობლემაც არაა წესიერად აღწერილი.
ნუ დაკარგავთ თქვენს (და ჩვენს) დროს თავის შეცოდებით, ამის ნაცვლად სჯობს გარკვევით აღწეროთ რა პრობლემა გაქვთ. თანაგრძნობას ასე უფრო მოიპოვებთ.
ზოგ ვებ-ფორუმს ცალკე აქვს განყოფილება დამწყებთათვის. "გულუბრყვილო" შეკითხვები სჯობს იქ დასვათ. თავის დამცირება კი იქაც არ არის საჭირო.
არაფრის მომცემია ჰაკერებისათვის იმის ახსნა, თუ თქვენი აზრით რამ გამოიწვია პრობლემა (თუ თქვენი თეორია სწორი იქნებოდა, შეკითხვის დასმაც ხომ არ დაგჭირდებოდათ?). მიაქციეთ ყურადღება, რომ აღწერილი იყოს ის, რაც სინამდვილეში ხდება, და არა თქვენი ინტერპრეტაციები და თეორიები. ინტერპრეტირება და დიაგნოზის დასმა მათ მიანდეთ. თუ თქვენ მაინც თვლით საჭიროდ თქვენი აზრის შეტყობინებას, აღნიშნეთ, რომ ეს თქვენი აზრია და ისიც, თუ რატომ არ დაგეხმარათ ის.
ბირთვის კომპილაციისას სულ SIG11 შეცდომას ვღებულობ. მე მგონი დედაპლატაზე მიკრობზარის ბრალია. როგორ შევამოწმო?
დედაპლატა FIC-PA2007-ზე ავაწყე კომპიუტერი K6/233, 256MB Corsair PC133 SDRAM მეხსიერებით. ხშირად ვღებულობ SIG11 შეცდომას ჩართვის და ბირთვის კომპილაციის დაწყებიდან ოციოდე წუთის შემდეგ, უფრო ადრე - არა. რესტარტი არ შველის, მთელი ღამით გამორთვა - კი. მთელი RAM შევცვალე, არ უშველა. კომპილირების ჟურნალის შესაბამის ნაწილსაც თან ვურთავ.
ვისაც ეს მიდგომა უხეში ეჩვენება, შევახსენებთ ამ ფრაზას: "ყველა დიაგნოსტი მისურიდანაა". ამ შტატის დევიზია: "გვიჩვენეთ!" (1899-ში, კონგრესმენმა ვილარდ ვანდივერმა (Willard D. Vandiver) თქვა: "მე იქედანა ვარ, სადაც მოჰყავთ ხორბალი, ბამბა, შვრია და დემოკრატები, და ცარიელი მჭევრმეტყველებით ვერც დამარწმუნებთ და ვერც დამაკმაყოფილებთ. მე მისურიდანა ვარ. თქვენ უნდა დამანახოთ."). დიაგნოსტიკის შემთხვევაში საქმე სკეპტიციზმში კი არაა, არამედ იმის ჩვენების სასიცოცხლო აუცილებლობაში, რასაც თქვენ ხედავთ სინამდვილეში, და არა რასაც თქვენ ასკვნით. დაგვანახეთ ჩვენ ის, რასაც თქვენ ხედავთ.
ხშირად პრობლემის წარმოშობა მჭიდროდაა დაკავშირებული იმ მოვლენებთან, რაც უშუალოდ ამის წინა პერიოდში მოხდა. ამიტომ საჭიროა დაწვრილებით აღწერა, თუ რა გააკეთეთ თქვენ, და რას აკეთებდა მანქანა ბოლოს, პრობლემის გაჩენის წინა პერიოდში. კონსოლით მუშაობის შემთხვევაში ამაში დიდად დაგეხმარებათ სეანსის ჟურნალი (მაგ., script უტილიტის მიერ შექმნილი), საიდანაც კარგი იქნება შესაბამისი ოციოდე სტრიქონის ციტირება შეკითხვაში.
თუ ხარვეზიან პროგრამას აქვს დიაგნოსტიკის ფუნქცია (როგორც verbose-ს -v), სცადეთ მისით სარგებლობა. არ გადაამლაშოთ - შეარჩიეთ დიაგნოსტიკის ისეთი დონე, რომელიც სასარგებლო ინფორმაციას მოგაწვდით, და არ დახიხვავებთ ყველანაირ მონაცემებს.
თუ შეტყობინება საკმაოდ გრძელი გამოდის (ოთხ აბზაცზე მეტი), სჯობს პრობლემა აღწეროთ დასაწყისშივე, შემდეგ კი ქრონოლოგიურად მიყვეთ. ამ შემთხვევაში ჰაკერს ექნება შესაძლებლობა თავიდანვე იცოდეს, რას მიაქციოს ყურადღება კითხვისას.
თუ თქვენი შეკითხვა შეცდომას კი არ ეხება, არამედ თუ როგორ გააკეთოთ რაიმე, დაიწყეთ მიზნის აღწერით. მხოლოდ ამის შემდეგ დაწერეთ რა გიშლით ხელს ამ მიზნის მიღწევაში.
ხშირად ხდება, რომ მიზნის მისაღწევად არჩეულ გზაზე პრობლემის გაჩენისას კითხულობენ, როგორ გადაჭრან ეს პრობლემა, და არც კი ფიქრობენ იმაზე, რომ თვით ეს გზა შეიძლება არასწორი იყოს. ამის გარკვევაში კი ტყუილად დაიხარჯება ძალისხმევა.
FooDraw-ში როგორ მივცე RGB-ს თექვსმეტობითი მნიშვნელობა?
მინდა გამოსახულებაში შევცვალო ფერთა ტაბულა. ვხედავ ერთადერთ გზას - შევცვალო ტაბულის ყველა სლოტი, მაგრამ FooDraw-ს ფერის არჩევის ინსტრუმენტს ვერ ვაძლევ RGB-ს თექვსმეტობით მნიშვნელობას.
შეკითხვის მეორე ვერსია აშკარად ჯობია. პასუხად შემოგთავაზებენ ინსტრუმენტს, რომლითაც უკეთ გააკეთებთ იმას, რაც თქვენ გინდათ.
ჰაკერთა აზრით პრობლემაზე მუშაობა ყველასათვის ხელმისაწვდომი, გამჭვირვალე პროცესი უნდა იყოს, რათა გაცემული პასუხები სხვებმაც ნახონ და დაამატონ ან შეასწორონ რაც საჭიროა. გარდა ამისა, პასუხის გამცემისათვის წამახალისებელია ისიც, რომ მისი კომპეტენტურობა ცნობილი გახდება სხვებისათვის.
როცა თქვენ მოითხოვთ პირადად გიპასუხონ, ამით ხელს უშლით ორივე ამ მომენტს. ნუ გააკეთებთ ამას. როგორ გიპასუხებენ - ეს რესპონდენტის გადასაწყვეტია, და მხოლოდ მაშინ გადაწყვეტენ პირადად გიპასუხონ, როცა თვლიან, რომ შეკითხვა ცუდად დასმული ან უინტერესოა.
დაგზავნის შემთხვევაში არის ერთი გამონაკლისი. თუ თვლით, რომ შეკითხვაზე ყველა (ან ბევრი) ერთსა და იმავეს გიპასუხებთ, მაშინ გამოიყენეთ მაგიური სიტყვები: "მომწერეთ ელფოსტაზე, მე კი სხვადასხვა პასუხებს შევაჯერებ და დავპოსტავ აქ". იდენტური შეტყობინებებისაგან დაგზავნის დაცვაზე ზრუნვა კარგი საქციელია, მხოლოდ არ დაგავიწყდეთ პირობის შესრულება.
გაურკვეველ შეკითხვაზე პასუხის გაცემას გაურკვეველი დრო სჭირდება. ვინც თქვენ უნდა დაგეხმაროთ, იმას თავისი საქმეებიც აქვს (რომელთა კეთებაშიც მას ძირითადად არავინ ეხმარება). მათ არ უყვართ გაურკვეველი კითხვები და მათზე გაურკვეველი დროის დაკარგვა.
თქვენი შანსი მეტი იქნება, თუ გარკვევით აჩვენებთ, რას მოითხოვთ რესპონდენტისაგან (ბმული გჭირდებათ, კოდის გამოგზავნა, თქვენი ნამუშევრის შემოწმება თუ რა). ეს მოახდენს მოპასუხის კონცენტრირებას საჭირო მიმართულებით და დაუზოგავს მას დროს. ეს კარგი საქციელია.
რამდენადაც განუსაზღვრელია ექსპერტთა ცოდნა, იმდენად შემოსაზღვრულია მათი თავისუფალი დრო. რაც ნაკლებ დროის ხარჯს გულისხმობს თქვენი კითხვა, მით მეტია შანსი, რომ მისთვის მოიცლიან.
ამიტომ აზრი აქვს ვიზრუნოთ პასუხის გასაცემად საჭირო დროის მინიმიზებაზე, მხოლოდ არა შეკითხვის გამარტივების ხარჯზე. მაგალითად, სჯობს იკითხოთ "სად წავიკითხო X-ის შესახებ?", ვიდრე "ამიხსენით X, pls?". თუ თქვენი კოდი არასწორად მუშაობს, სჯობს სთხოვოთ აგიხსნან სადაა შეცდომა, ვიდრე სთხოვოთ გაასწორონ ის.
ჰაკერებს შეუძლიათ საშინაო დავალებების შესრულება - მათ ეს გავლილი აქვთ. მაგრამ ეს დავალება თქვენ მოგცეს იმისათვის, რომ ისწავლოთ. შეიძლება სთხოვოთ მათ დაგეხმარონ, და არა შეასრულონ თქვენს ნაცვლად.
თუ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ საშინაო დავალების კითხვა "შემოგიგდეს", მაგრამ პასუხის გაცემა არ შეგიძლიათ, იკითხეთ მომხმარებელთა ან (უკიდურეს შემთხვევაში) პროექტის ფორუმზე. ჰაკერები კი მიხვდებიან, რაშია საქმე, მაგრამ რომელიმე კვალიფიციურმა მომხმარებელმა შეიძლება გიპასუხოთ.
ნუ დასვამთ შეკითხვას, რომელიც არ ატარებს აზრს და არ მოითხოვს პასუხს: "შეუძლია ვინმეს დამეხმაროს?", "აქვს ვინმეს პასუხი?". თუ თქვენ წესიერად აღწერეთ პრობლემა, ასეთი კითხვა ბოლოში, სულ ცოტა, ზედმეტია. და წამკითხველს ერთი სული აქვს პასუხად დაგიწეროთ: "კი, როგორ არ შეუძლია!"
საერთოდ, სჯობს არ დასვათ კი-თუ-არა ტიპის შეკითხვა, თუ არ გინდათ მიიღოთ კი-ან-არა ტიპის პასუხი.
ეს თქვენი პრობლემაა, და არა ჩვენი. ასეთმა სვლამ შეიძლება საწინააღმდეგო ეფექტი მოახდინოს - ჰაკერთა უმეტესობა უბრალოდ წაშლის ამ თავისმომაბეზრებელ შეტყობინებას.
გამონაკლისი აქაც არის. თუ თქვენ მუშაობთ სერიოზულ ორგანიზაციაში და არ გყოფნით დრო რაღაც სერიოზული პრობლემის გადასაჭრელად, ზრდილობის წესების დაცვით მიმართვისას ჰაკერები გაგიწევენ ანგარიშს და დაგეხმარებიან სასწრაფოდ. ეს მათთვის საინტერესოა.
მხოლოდ არის რისკი შეცდეთ იმის შეფასებაში, რა არის ჰაკერისათვის სერიოზული და საინტერესო. საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან შეკითხვა კი გამოიწვევს ინტერესს, მაგრამ შეძლებული საქველმოქმედო საზოგადოების ან პოლიტიკური პარტიისაგან - როგორ გითხრათ! ასევე, შეკითხვა "სასწრაფოდ! დამეხმარეთ პატარა სელაპუნების სიცოცხლის გადარჩენაში!" იგნორირებული ან გამასხარავებული იქნება იმ ჰაკერების მიერაც კი, რომლებიც თვლიან, რომ მათთვის პატარა სელაპუნების სიცოცხლე დიდად მნიშვნელოვანია.
თუ თქვენთვის ეს გაუგებარია, თქვენ კიდევ ერთხელ გჭირდებათ ამ ყველაფრის წაკითხვა, და ასე, სანამ არ გაიგებთ. მანამდე კი სჯობს თავი შეიკავოთ შეკითხვების დაპოსტვისაგან.
იყავით თავაზიანი. გამოიყენეთ თხოვნის ფორმა და გამოხატეთ მადლობა იმისათვის, რომ ხალხი უანგაროდ გითმობთ დროს.
გულახდილად რომ ვთქვათ, თავაზიანობა არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც შეკითხვის გამართულობა, მკაფიობა და ინფორმატიულობა, და არც სცვლის მას. საერთოდ ჰაკერებს უხეში, მაგრამ ტექნიკურად გამართული შეკითხვა ურჩევნიათ ზრდილობიან აბდაუბდას (თუ თქვენ ეს არ გესმით, შეგახსენებთ, რომ შეკითხვა ჩვენთვის იმითაა მნიშვნელოვანი, თუ რას გვასწავლის).
და მაინც, თანაბარ პირობებში თავაზიანობა ზრდის პასუხის მიღების შანსს.
(უნდა აღვნიშნოთ, რომ ვეტერანი ჰაკერებისაგან ამ დოკუმენტთან დაკავშირებით მიღებული ერთადერთი შესწორება დაკავშირებული იყო ფრაზის "წინასწარ გმადლობთ" გამოყენებასთან. ზოგი მათგანი მას განიხილავდა, როგორც შემდგომში მადლიერების გამოხატვის სურვილის უქონლობას. ჩვენი რეკომენდაციაა მადლობა გადავიხადოთ წინასწარაც და შემდეგაც, თუნდაც ფრაზით "გმადლობთ ყურადღებისათვის").
პრობლემის გადაჭრის შესახებ შეატყობინეთ ყველას, ვინც გეხმარებოდათ ამაში. ახსენით რა როგორ მოხდა და კიდევ ერთხელ გადაუხადეთ მადლობა. თუ პრობლემა იხილებოდა დაგზავნაში ან სიახლეებში, უპრიანი იქნება იქ დაპოსტოთ ამის შესახებ.
ოპტიმალური იქნება მწკრივის სასტარტო პოსტში ამის გაკეთება, FIXED, RESOLVED, გადაჭრილია, ან რამე ამგვარი ტეგით. მკითხველი ამით მაშინვე მიხვდება, რომ შეუძლია ეს მწკრივი არ წაიკითხოს და დაზოგოს დრო სხვა კითხვაზე პასუხის გასაცემად, თუ, ცხადია, თვითონ არ აინტერესებს იგივე პრობლემა.
თქვენი ეს პოსტი არცაა აუცილებელი გრძელი იყოს. უბრალო - "კაბელის ბრალი ყოფილა. ყველას დიდი მადლობა. ჭიჭიკო." - უკვე უკეთესია, ვიდრე არაფერი. გრძელ და დაწვრილებით დისერტაციებს კი სჯობს მოკლე და საქმიანი აღწერა. დაწერეთ რა მოქმედებამ გადაჭრა პრობლემა, მაგრამ არ არის საჭირო ყველაფრის მოთხრობა, რაც გადაიტანეთ.
უფრო რთული პრობლემის შემთხვევაში აღწერეთ გადაწყვეტის ძებნის მოკლე ისტორია, მიღწეული საბოლოო შედეგი. აღწერეთ როგორი აღმოჩნდა საბოლოო გადაწყვეტა და რა წყალქვეშა ქვებს შეიძლება წააწყდეს კაცი ანალოგიურ პრობლემასთან ბრძოლისას. შესაძლო წყალქვეშა ქვების შესახებ დაწერეთ ბოლოში, საბოლოო გადაწყვეტის შემდეგ, რათა არ გადააქციოთ ტექსტი დეტექტიურ ისტორიად. მოიხსენიეთ ყველა, ვინც დაგეხმარათ ამაში - ამით თქვენ მეგობრებს შეიძენთ.
გარდა იმისა, რომ თავაზიანობას გამოხატავთ, ასეთი რეზიუმირებით თქვენ საშუალებას მისცემთ არქივის დამთვალიერებელს, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აქვს, სწრაფად მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.
შემდეგი, არანაკლებ მნიშვნელოვანი საფუძველი ამის გაკეთებისა ის არის, რომ ამით ყველა მონაწილე იგრძნობს პრობლემის გადაწყვეტით მიღებულ კმაყოფილებას. თუ თქვენ თვითონ ჰაკერი არა ხართ, უბრალოდ დაგვიჯერეთ, რომ ეს გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია იმ ექსპერტებისათვის, რომლებიც თქვენ გეხმარებოდნენ. გადაუჭრელად დარჩენილი პრობლემა - ეს იმედგაცრუებაა. ყველა ჰაკერს სწყურია მათი გადაჭრა. ის კარგი აურა, რომელსაც თქვენ ქმნით ამ წყურვილის დაკმაყოფილებით, ფრიად და ფრიად დაგეხმარებათ შემდეგში, როცა ისევ დაგჭირდებათ შეკითხვის დასმა.
იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ თავიდან ააცილოთ სხვებს იგივე დღეში ჩავარდნა. თუ თქვენი აზრით დოკუმენტაციაში ან FAQ-ში დამატება წაადგება ამ საქმეს, გაუგზავნეთ აღწერილობა პროექტის ხელმძღვანელს.
ჰაკერთა წრეში ასეთი მოქმედება უფრო მეტად ფასდება, ვიდრე უბრალოდ თავაზიანობა. სწორედ ასე ხდება კარგი გუნდური მოთამაშის რეპუტაციის მოპოვება, რაც თავისთავად ბევრს ნიშნავს.
არსებობს უძველესი წმინდა ტრადიცია: თუ თქვენ მოგწერეს პასუხად RTFM (Read The Fucking Manual), ე. ი. ავტორი თვლის, რომ თქვენ აღწერილობა უნდა წაიკითხოთ, და ალბათ სწორიც არის. წაიკითხეთ.
RTFM-ს ახალგაზრდა კოლეგაც ჰყავს - STFW (Search The Fucking Web). ამით უკვე გირჩევენ ეძებოთ პასუხი ინტერნეტში. ეძებეთ და იპოვით, რადგან გეუბნებიან, ესე იგი იციან. ასევე შეიძლება გითხრან - "გუგლი შენი მეგობარია".
ვებ-ფორუმებზე შეიძლება შემოგთავაზონ არქივში ძებნაც. ვინმემ შეიძლება ანალოგიური პრობლემის განხილვის ბმულიც მოგცეთ, მაგრამ ნუ მიიყვანთ საქმეს აქამდე; შეკითხვამდე ძებნა სცადეთ.
ხშირად მას, ვინც ამას გეუბნებათ, აქვს კიდევაც მზა ბმული, მაგრამ არ გიგზავნით, რითაც, ჯერ ერთი გაგრძნობინებთ, რომ ამის გაკეთება ძალიან ადვილია და არ იქცევით სწორად, რომ არ აკეთებთ, მეორეც - თქვენ ასე უფრო ისწავლით პრობლემაში გარკვევას, ვიდრე მზამზარეულის მორთმევით.
ამან არ უნდა გამოიწვიოს თქვენი აღშფოთება. ჰაკერთა სტანდარტებით მან საკმარისი ყურადღება გამოიჩინა უკვე იმით, რომ არ დაიკიდა თქვენი შეკითხვა. თქვენ მადლობელიც უნდა დარჩეთ მისი მამობრივი მზრუნველობით.
თუ თქვენ პასუხს ვერ გებულობთ, მაშინვე უფრო დაწვრილებით ახსნას ნუ მოითხოვთ, ჯერ იმავე მეთოდებს მიმართეთ, რასაც შეკითხვის დასმამდე - იგივე სახელმძღვანელოებს, FAQ-ს, ინტერნეტს, გამოცდილ მეგობრებს. თუ ამან არ გიშველათ, მაშინ დასვით შეკითხვა, და ისევ მიუთითეთ რისი გაგება მოახერხეხეთ თქვენ თვითონ ამის დასმამდე.
მაგალითად, თქვენ გითხრეს: "როგორც სჩანს zentry დაეკიდა და ჩამოსაყრელია". აქ არ ივარგებს შეკითხვა "zentry რა არის?". კარგი შეკითხვა იქნება: "წავიკითხე zentry-ზე დოკუმენტაცია, მაგრამ ყველგან -z და -p პარამეტრებზეა ლაპარაკი. ჩამოყრაზე არსად არაფერია ნათქვამი. ამ ორი პარამეტრით უნდა გაკეთდეს თუ მე ვერ გავიგე რამე?"
ჰაკერთა საქციელი ხშირად უხეში და შეურაცხმყოფელი შეიძლება გვეჩვენოს, მაგრამ როგორც წესი, ეს უბრალოდ მიმართვის პირდაპირი, შეულამაზებელი სტილის შედეგია, რაც ბუნებრივია იმ ხალხისათვის, ვისთვისაც მთავარია პრობლემა გადაწყვიტონ და არა ვინმეს ელოლიავონ.
თუ თქვენ უხეშობას აწყდებით, შეხვდით ამას მშვიდად. თუ ვინმე მართლაც გადავიდა დაუკრეფავში, მას სიახლეების ან ფორუმის მოდერატორები მოუნახავენ თავის ადგილს. თუ ეს არ მოხდა და თქვენ კი მდგომარეობიდან გამოხვედით, დიდი შანსია ამის გამომწვევი სულაც ნორმის ფარგლებში იქცეოდეს, და ყველა სხვა მონაწილე სწორედ თქვენ ჩაგთვლით დამნაშავედ, ეს კი საკმაოდ შეგიშლით ხელს პასუხის მიღებაში.
მეორე მხრივ, მართლაც შეიძლება ნამდვილი უხეშობა შეგვხვდეს, თან რაიმე გარკვეული საფუძვლის გარეშე. ეს იმიტომ ხდება, რომ თუ ვინმეს მართლაც თავს გაუვიდა, ზუსტად შერჩეული სიტყვებით ხდება მისი ადგილზე მიყენება. მაგრამ სანამ ასე მოიქცევით, ძალიან დარწმუნებული უნდა იყოთ თქვენს პოზიციაში. კორექტულობისაკენ მოწოდებასა და უაზრო გარჩევებს შორის საზღვარი იმდენად შეუმჩნეველია, რომ ხშირად ჰაკერებიც კი გადადიან მას, თქვენთვის კი ეს საფრთხე ბევრად მეტია, თუ თქვენ დამწყები ან სტუმარი ხართ. თუ თქვენთვის მთავარი ინფორმაციაა და არა გართობა, სჯობს ასეთ დროს არც გაეკაროთ კლავიატურას.
(ხშირად გაიგებთ, რომ ჰაკერები აუტიზმით ან ასპერგერის სინდრომით დაავადებული ხალხია, და ტვინში ვერა აქვთ რიგზე ის უბნები, რომლებიც განსაზღვრავენ სწორ სოციალურ ურთიერთობებს. ეს კიდევ საკითხავია. თუ თქვენ ჰაკერი არა ხართ, ჩაგვთვალეთ არანორმალურებად, თუ ასე გინდათ - ასეთი მიდგომა შეიძლება დაგეხმაროთ ჩვენი ქცევების გაგებაში. ჩვენ ეს არ გვაღელვებს. ჩვენ როგორებიც ვართ, ისეთები ვართ და ასე მოგვწონს, კლინიკურ იარლიყებს კი ჯანსაღი სკეპტიციზმით ვუყურებთ).
შემდეგ სექციაში ვილაპარაკებთ თავისებურ "უხეშობაზე", როდესაც სწორედ თქვენა ხართ მტყუანი.
შეიძლება თქვენ რამდენიმეჯერ უკვე გაეხვიეთ აღწერილის მსგავს შარში ჰაკერთა ფორუმებზე. და მოგიწიათ სახალხოდ მოსმენა საკმაოდ ხატოვანი ახსნა-განმარტებებისა.
როცა ეს ხდება, ყველაზე უარესი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, ესაა ატეხოთ აყალმაყალი, მოითხოვოთ მოგიბოდიშონ, უჩივლოთ სასამართლოში, არ დახუროთ უნიტაზის სახურავი და ა. შ. გაცილებით უკეთესია მოიქცეთ ასე:
არ მიაქციოთ ყურადღება. ეს ნორმალურია. ეს ჯანსაღი და მიზანშეწონილი საქციელია.
ჰაკერთა წრის შიდა სტანდარტები არ ნარჩუნდება თავისთავად: მას ინარჩუნებს ხალხი, რომელიც ღიად, ყველას დასანახად იყენებს მას. ნუ იფიქრებთ, რომ კრიტიკა მხოლოდ პირად მიმოწერაშია დასაშვები - ასე არ არის. არ უნდა მიიღოთ შეურაცხყოფად, როცა ვინმე ამბობს, რომ არა ხართ სწორი, ან ის სხვანაირად ფიქრობს. ეს დამარცხებულის რეაქციაა.
იყო ჰაკერთა ფორუმები, სადაც თავაზიანობის დამახინჯებული გაგების საფუძველზე აკრძალული იყო სხვის პოსტებში შეცდომის მითითება პრინციპით: "თუ ვერ ეხმარები, გაჩუმდი". დამთავრდა ეს იმით, რომ კომპეტენტურმა სპეციალისტებმა ნელ-ნელა დატოვეს ეს ფორუმი, რომელიც მალე ჩვეულებრივ სალაყბოდ გადაიქცა.
აირჩიეთ ასეთ "თავაზიანობასა" და სარგებლიანობას შორის.
დაიხსომეთ: როცა ჰაკერი გეუბნებათ, რომ არ იქცევით სწორად, და ასე აღარ უნდა მოიქცეთ (არა აქვს მნიშვნელობა რა ფორმით), ამით ის ზრუნავს ჯერ ერთი თქვენზე, მეორეც - თავის საზოგადოებაზე. მისთვის უფრო ადვილია და ხელსაყრელიც თქვენი იგნორირება, მაგრამ არ აკეთებს ამას. თუ თქვენ ამით მადლობელი არ დარჩებით, ღირსეულად მაინც მოიქეცით - ნუ იწუწუნებთ, და ნუ ელოდებით, რომ მოგექცევიან როგორც ნაზ და მგრძნობიარე არსებას მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ახალბედა ხართ თეატრალური ჰიპერმგრძნობიარობით და საკუთარი თავის შესახებ ილუზიებით.
შეიძლება ვინმემ მართლაც მოგაყენოთ შეურაცხყოფა, როცა ეს არაფრით დაგიმსახურებიათ და არც შეცდომა დაგიშვიათ (ან დაგიშვიათ მხოლოდ მის წარმოდგენაში). ამ შემთხვევაში თვითონ აღშფოთების გამოხატვა იქნება უკვე შეცდომა.
ასეთები, როგორც წესი, თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ლამერები არიან, ან მომავალი ფსიგოლოგები, რომლებიც თქვენს რეაქციებს აკვირდებიან. სხვა მკითხველები მათ ან ყურადღებას არ აქცევენ, ან, თუ საჭირო გახდა, როგორმე მოუვლიან. ფლეიმერის საქციელი თვითვე მას შეუქმნის პრობლემებს, თქვენ ამაზე არ იდარდოთ.
ნუ ავარდებით და ნუ წამოეგებით მათს პროვოკაციებზე. როცა საუბარი მართლაც უსარგებლო ფორმებს ღებულობს, შეეშვით და დაივიწყეთ, ოღონდ მანამდე დარწმუნდით, რომ რაიმე შეფარულ ირონიასთან არა გაქვთ საქმე, რომელიც თქვენმავე წინდაუხედაობამ გამოიწვია.
მოვიყვანოთ რამდენიმე სულელური შეკითხვა, და ჰაკერთა აზრი მათზე.
Q: | სად ვიპოვო პროგრამა ან რესურსი X? |
A: | იქ, სადაც მე ვიპოვე, ლენჩო - ინტერნეტში. რით ვერ ისწავლა ამ ხალხმა Google-ს ხმარება? |
Q: | როგორ გამოვიყენო X რათა გავაკეთო Y? |
A: | თუ Y-ის გაკეთება გინდა, ეს უნდა იკითხო, და არა მაინცდამაინც X-ით გაკეთებაზე ჩაიხვიო. კაცი რომ ასე სვამს შეკითხვას, ალბათ X-ის აზრზეც არ არის, მაგრამ დაბნეულია Y-ით და რა წყალში გადავარდეს არ იცის. ასეთები ჯობია დაიკიდო, სანამ კითხვის დასმას არ ისწავლიან. |
Q: | როგორ დავაკონფიგურირო ჩემი კონსოლი? |
A: | თუ ასეთი ჭკვიანი ხარ, RTFM-ის ან ძებნისათვის რატომ არ გყოფნის ჭკუა? |
Q: | შემიძლია AcmeCorp დოკუმენტის კონვერტირება TeX-ფაილად Bass-o-matic-ით? |
A: | სცადე და ნახავ. რომ გეცადა, არც იკითხავდი და არც მე დავკარგავდი დროს. |
Q: | ჩემი პროგრამა {კონფიგურაცია, SQL-ოპერატორი} არ მუშაობს. |
A: | ეს შეკითხვა არ არის. არც ვაპირებ ოცი შეკითხვის დასმას, რომ გავიგო შენი პრობლემა - ჩემი საქმეებიც საკმაოდ მაქვს. ასეთ შეკითხვებზე როგორც წესი ასე ვპასუხობ:
|
Q: | პრობლემა მაქვს ვინდოუსთან. ხომ ვერ მეტყვით რა ვქნა? |
A: | კი. ჩააგდე ვინდოუსი Recycle Bin-ში და დააყენე ლინუქსი ან BSD. შენიშვნა: ვინდოუსთან დაკავშირებული შეკითხვა შეგიძლიათ დასვათ, თუ ის ეხება პროგრამას, რომელსაც ვინდოუს-ვერსიაც აქვს. ნუ გაგიკვირდებათ, რომ პასუხში ვინდოუსს ბრალდება ყველაფერი - ეს სისტემა იმდენად დეფექტიანია, რომ ძალიან ხშირად სწორედ მისი ბრალია ხოლმე. |
Q: | ჩემი პროგრამა არ მუშაობს. მე ვფიქრობ სისტემური კომპონენტის X-ის ბრალია. |
A: | შეიძლება შენ პირველმა აღმოაჩინე დეფექტი სისტემურ გამოძახებებსა და ბიბლიოთეკებში, რომელთაც ასობით და ათასობით ადამიანი იყენებს, მაგრამ უფრო შესაძლებელია შენ ვერ გაიგე რაღაცა. ასეთ კატეგორიულ განცხადებებს კატეგორიული მტკიცებულება სჭირდება. თუ ასეთ განცხადებას აკეთებ, უნდა გაამაგრო კიდევაც დეფექტის გამომწვევი სიტუაციის ნათელი და ამომწურავი აღწერით. |
Q: | ვერ ვაყენებ ლინუქსს ან X-ს. შეგიძლიათ დამეხმაროთ? |
A: | არა. ამისთვის მე შენს მანქანასთან უნდა ვიჯდე. იკითხე შენს ლოკალურ ჯგუფში (ჯგუფების სია არის აქ). შენიშვნა: ლინუქსის ინსტალაციის შესახებ შეკითხვა შეგიძლიათ დასვათ კონკრეტული დისტრიბუტივის ფორუმსა ან დაგზავნაში, თუ ეს პრობლემა ამ კონკრეტული დისტრიბუტივისაა, ან მომხმარებელთა ლოკალურ ჯგუფში. ამ შემთხვევაში ზუსტად უნდა აღწეროთ რაში და როგორ ვლინდება პრობლემა. ოღონდ წინასწარ ყურადღებით დაძებნეთ "linux"და პრობლემასთან დაკავშირებული სხვა საკვანძო სიტყვებით. |
Q: | როგორ გავტეხო root/მივიღო გაზრდილი პრივილეგიები/წავიკითხო სხვისი ფოსტა? |
A: | შენ არამზადა ხარ, რადგან ამის გაკეთებას აპირებ, და სულელი, რადგან ამაში ჰაკერებს სთხოვ დახმარებას! |
და ბოლოს მაგალითები, თუ როგორ უნდა დასვათ კითხვა სწორად; ორ-ორი შეკითხვა თითოეულ პრობლემაზე - ერთი არასწორი და ერთიც სწორი, და მათი პასუხები.
ერთადერთი, რაც მინდა გითხრა - "STFW" .
აქ STFW უკვე გაკეთებულია, და, როგორც სჩანს, პრობლემა სერიოზულია.
ამ შემთხვევაში მითითებულია გარემო, აღნიშნულია რომ წაკითხულია ხდკ, აღწერილია შეცდომა, და არავისთვის არაფერი არ არის გადაბრალებული. ასეთი შეკითხვა ნამდვილად დაიმსახურებს ყურადღებას!
ნებისმიერი ჰაკერი ამაზე ასეთ პასუხს გასცემს: "პამპერსიც ხომ არ გამოგიცვალოთ?" და წაშლის კლავიშს დააჭერს.
ეს პერსონაც ნამდვილად იმსახურებს პასუხს. ის ციდან ჩამოვარდნილ პასუხს კი არ ელოდება - თვითონაც ჩალიჩობს პრობლემის გადაჭრაზე.
ბოლო კითხვებში ყურადღება მიაქციეთ ყურადღება, რამხელა განსხვავებაა ერთი შეხედვით მსგავს კითხვებს შორის: "დამეხმარეთ!" და "კიდევ რა დიაგნოსტიკური ღონისძიებები შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის საშველად?"
ფაქტიურად, ბოლო შეკითხვა ძალიან ჰგავს lkml-ში (linux-kernel mailing list) ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას 2001 წელს, როცა ჩემი Tyan S2462 უცნაურად ეკიდებოდა. დაგზავნის წევრთა დახმარებით ეს პრობლემა გადაიჭრა.
ამ ფორმით დასმულმა შეკითხვამ წევრებს პრობლემაზე დაფიქრების საშუალება მისცა და მარტივი და საინტერესო გახადა პრობლემის გადაწყვეტაში მონაწილეობა. ჩემს მიერ დემონსტრირებული იყო პატივისცემა, მათი შესაძლებლობების აღიარება, და მადლიერება ჩემთვის დროის დათმობის გამო - ეს გამოიხატა იმის აღწერით, თუ რამდენი რამ გავაკეთე მე, სანამ დახმარებისათვის მივმართავდი.
ბოლოს, როცა მე მადლობა გადავუხადე ყველას და აღვნიშნე, რა კარგად ჩატარდა პრობლემის გადაწყვეტის პროცესი, ერთმა წევრმა დაწერა, რომ მისი აზრით ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ მე ლისტის "სახელოვანი" წევრი ვიყავი, არამედ სწორად დასმული შეკითხვის წყალობით.
ჰაკერები ნამდვილი მერიტოკრატები არიან - ისინი აღიარებენ მხოლოდ დამსახურებას, და სხვა არავითარი ავტორიტეტი მათთვის არ არსებობს. ასე, რომ ის წევრი, რა თქმა უნდა, სწორი იყო, და მე რომ იქ რამე შემშლოდა, იგივე თავდასხმების ან იგნორირების მსხვერპლი გავხდებოდი იმის მიუხედავად, თუ ვინ ვიყავი. მისი წინადადებით იქნა აღწერილი ეს შემთხვევა, როგორც შეკითხვის დასმის ინსტრუქცია და შეიქმნა ეს დოკუმენტი.
თუ პასუხს ვერ ღებულობთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც თქვენთვის არ უნდათ დახმარება. შეიძლება პასუხი უბრალოდ არავინ არ იცოდეს. პასუხის არმიღება არ ნიშნავს იგნორირებას, თუმცა შორიდან ერთმანეთს ჰგავს.
ასეთ შემთხვევაში შეკითხვის ხელახლა დაპოსტვა არცთუ კარგი აზრია. უაზრობაა და თავისმომაბეზრებელი. იქონიეთ მოთმინება: ის, ვინც პასუხი იცის, შეიძლება სხვა დროით ზონაში იყოს, ან უბრალოდ ეძინოს. ან ფიქრობდეს, რომ შეკითხვა არ არის კარგად ჩამოყალიბებული.
არის სხვა მეთოდებიც, ხშირად დამწყებთა საჭიროებებზე უფრო უკეთ ორიენტირებული.
არის ბევრი ონლაინ- და ლოკალური ჯგუფი, სადაც პროგრამულ პრობლემებს ხალისით განიხილავენ, თუმცა თვითონ არ არიან პროგრამისტები. ხშირად ეს ჯგუფები იმისთვისაა შექმნილი, რომ დაეხმარონ ერთმანეთს და ახალბედებს.
არის აგრეთვე უამრავი დიდი და პატარა კომერციული კომპანია, რომლებთან ხელშეკრულების დადება შეიძლება (Red Hat, SpikeSource და სხვ.). ნუ შეგაშფოთებთ მხარდაჭერისათვის ფულის გადახდის პერსპექტივა - მანქანის ძრავი რომ დაგიზიანდეთ, ხომ მოგიწევთ მისი მიყვანა სახელოსნოში? პროგრამა რომ უფასო იყოს, ეს არ ნიშნავს, რომ მას სამუდამო უფასო მხარდაჭერა ექნება.
ლინუქსის მსგავსი პოპულარული პროექტების შემთხვევაში თითო პროგრამისტზე 10 000 მომხმარებელია. ერთი კაცი ვერაფრით ვერ გასწვდება 10 000-ს. მხარდაჭერისათვის ფულის გადახდა მაინც უფრო იაფია, ვიდრე ფასიანი პროგრამების შეძენა (რომელთა მხარდაჭერა კიდევ უფრო ძვირია და სპეციალისტთა კომპეტენციაც არ არის ისეთი, როგორც თავისუფალი პროგრამების შემთხვევაში).
იყავით დიდსულოვანი. პრობლემებმა შეიძლება უხეში ან უყურადღებო გახადოს ადამიანი, რომელიც სინამდვილეში ასეთი არ არის.
პირველ შეცდომაზე ნუ მიუთითებთ სახალხოდ. ნუ დაამცირებთ ადამიანს გულუბრყვილობისათვის. დამწყებმა შეიძლება არც იცოდეს, როგორ ეძებოს არქივში, ან სად არის ხდკ.
თუ თქვენს პასუხში დარწმუნებული არა ხართ, ნუ დამალავთ ამას. რიხიანი, მაგრამ მცდარი პასუხი უარესია, ვიდრე სულ უპასუხობა. ნუ შეიყვანთ შეცდომაში სხვას მხოლოდ იმიტომ, რომ გსიამოვნებთ ექსპერტის როლში ყოფნა. იყავით თავმდაბალი და პატიოსანი; უჩვენეთ კარგი მაგალითი სტუმრებსაც და მასპინძლებსაც.
თუ ვერ ეხმარებით, ხელსაც ნუ შეუშლით. ნუ ილაზღანდარავებთ სახიფათო პროცესების აღწერით - ვიღაც ჩერჩეტმა შეიძლება მართლა დაგიჯეროთ.
დაუსვით დამატებითი შეკითხვები. თუ ამას სწორად გააკეთებთ, თქვენც რაღაცას ისწავლით და ის დახმარების მსურველიც. დაეხმარეთ სულელური შეკითხვის გამოსწორებაში. გახსოვდეთ - ოდესღაც ყველანი ახალბედები ვიყავით.
მართალია, RTFM გამართლებულია, როცა ზარმაცთანა გაქვთ საქმე, მაგრამ მაინც ბმულის (ან თუნდაც გუგლისათვის საკვანძო სიტყვების სიის) მიცემა სჯობს.
თუ გადაწყვეტთ უპასუხოთ, გაეცით საქმიანი პასუხი. ნუ მიკიბ-მოკიბავთ რაღაცას შემოვლით გზებზე, როცა შემკითხველი აშკარად უსარგებლო ინსტრუმენტს ან ფუნქციას იყენებს. მიასწავლეთ კარგი ინსტრუმენტი, დაეხმარეთ შეკითხვის გასწორებაში.
შეკითხვა სასარგებლოა თქვენი საზოგადოებისათვისაც. როცა კარგი კითხვა გხვდებათ, დაფიქრდით: "რა შეიძლება დავამატოთ დოკუმენტაციაში ან ხდკ-ში, რათა ასეთი შეკითხვა აღარ განმეორდეს?". როცა პასუხი გექნებათ, გაუგზავნეთ იგი დოკუმენტაციის მეთვალყურეს.
თუ პასუხის გასაცემად მოგიწიათ რაიმეს გამოკვლევა, აღწერეთ თქვენი მოქმედებები და ნუ მოიქცევით ისე, თითქოს პასუხი ჯიბეში გედოთ. კარგ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მშიერის ერთხელ დაპურებას ჰგავს, ხოლო პასუხის პოვნის სწავლება - მისთვის სარჩოს მოპოვების სწავლებას, რაც, ცხადია, უკეთესია.
კომპიუტერების, Unix-ის, ინტერნეტის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: The Unix and Internet Fundamentals HOWTO.
თუ თქვენ წერთ პროგრამებს ან მათს შესწორებებს, გამოგადგებათ ეს: Software Release Practice HOWTO.
ეველინ მიტჩელის (Evelyn Mitchell) წინადადებით დაიწერა სულელური შეკითხვების კომენტარები და თავი "როგორ გავცეთ პასუხი". მიხაილ რამენდიკმა (Mikhail Ramendik) რამდენიმე ფასეული რჩევა მოგვცა დოკუმენტის გასაუმჯობესებლად.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მთარგმნელი მადლობას უხდის ნინიკუშკას, burtkuna-ს, Blurwo-ს, ანის და ყურშას თარგმნაში გაწეული უდიდესი დახმარებისათვის :-))
თარგმანში ბოლო ცვლილებების შეტანის თარიღი: 25.08.2007.
maxo127